როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა 17 მარტს ვაშინგტონში გამოსვლისას, ის ეთანხმება პრეზიდენტ ბაიდენს, რომ უკრაინაში რუსეთი სამხედრო დანაშაულს სჩადის. მისი თქმით, აშშ-ის ექსპერტები ამჟამად აღნუსხავენ და აფასებენ უკრაინაში ჩადენილ პოტენციურ ომის დანაშაულებს.
„სამოქალაქო მოსახლეობის განზრახ მიზანში ამოღება სამხედრო დანაშაულია“, - თქვა მან და დასძინა, რომ „ძნელია იმ დასკვნის გაკეთება, რომ რუსეთი სხვაგვარად იქცევა.“
ბლინკენმა მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომლებსაც კი რაიმე ბერკეტი მოეპოვებათ რუსეთის მიმართ, რომ გამოიყენოს ეს გავლენა და ხელი შეუწყოს ომის შეწყვეტას. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება ჩინეთს, რომელიც, როგორც ჩანს, საპირისპიროს აკეთებს.
„პრეზიდენტი ბაიდენი ხვალ დაელაპარაკება პრეზიდენტ სი [ძინპინს] და განუმარტავს, რომ ჩინეთი პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელსაც ის განახორციელებს აგრესიაში რუსეთის მხარდასაჭერად. და ჩვენ თავს არ შევიკავებთ საფასურის დაწესებისგან“, - თქვა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენის სიტყვებით, უკრაინის ქალაქების განადგურების შემდეგ რუსეთმა შეიძლება იქ რუსეთის წარმომადგენლები დასვას ხელისუფლების წარმომადგენლებად და ამ რეგიონებს ე.წ. ეკონომიკური დახმარება გაუზარდონ, რათა ისინი რუსეთზე დამოკიდებული გახადონ. ეს რუსეთმა უკვე გააკეთა საქართველოშიო, დასძინა მან.
სახელმწიფო მდივანმა ბრალი დასდო რუსეთს, რომ უკრაინის მხარესთან მოლაპარაკებებში ის სერიოზულად არ ზრუნავს იმაზე, რომ ომი დასრულდეს.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვაქებთ უკრაინას იმისთვის, რომ ის მოლაპარაკებების მაგიდასთანაა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წუთს იბომბება“, - თქვა ბლინკენმა. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ დგამს საჭირო ნაბიჯებს იმისთვის, რომ დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს მის მიერ წარმოებული ომი.
ენტონი ბლინკენმა ისაუბრა ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც ახლავს თან ომს უკრაინაში. მან აღნიშნა, რომ აშშ დამატებით 186 მილიონ დოლარს გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს ლტოლვილთა კრიზისთან გამკლავება. დღეის მონაცემებით უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვი 3 მილიონამდეა. მთლიანობაში აშშ-მა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 293 მილიონი დოლარი გამოყო. ბლინკენის თქმით, ფინანსური დახმარება მიმართული იქნება არა მხოლოდ თავად უკრაინისკენ, არამედ დაეხმარებიან მის მეზობელ ქვეყნებსაც, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებენ საკუთარ ტერიტორიაზე. მან ასევე თქვა, რომ თუკი ლტოლვილები აშშ-ს სთხოვენ თავშესაფარს, აშშ საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.
დაწერეთ კომენტარი