Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ჩინეთს გააფრთხილებს, თავი შეიკავოს რუსეთის დახმარებისგან


ჯო ბაიდენისა (მარცხნივ) და სი ძინპინის საუბარი. 2021 წ. 15 ნოემბერი.
ჯო ბაიდენისა (მარცხნივ) და სი ძინპინის საუბარი. 2021 წ. 15 ნოემბერი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 18 მარტს ტელეფონით ესაუბრება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს მაშინ, როცა შეერთებული შტატები ჩინეთზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მან რუსეთს დახმარება არ აღმოუჩინოს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ თეთრმა სახლმა გამოაცხადა.

„პრეზიდენტი ბაიდენი ხვალ ელაპარაკება პრეზიდენტ სი [ძინპინს] და განუმარტავს, რომ ჩინეთი პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელსაც ის განახორციელებს აგრესიაში რუსეთის მხარდასაჭერად. და ჩვენ თავს არ შევიკავებთ საფასურის დაწესებისგან“, - თქვა 17 მარტს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ბაიდენი და სი ასევე ისაუბრებენ აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური კონკურენციის თემაზე, განაცხადა 17 მარტს თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ.

„ეს არის ნაწილი ჩვენი მუდმივი ძალისხმევისა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კავშირების ღია ხაზების შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

„ორი ლიდერი იმსჯელებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კონკურენციის მართვაზე, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე და სხვა საკითხებზე, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს“, - თქვა საკიმ.

სატელეფონო საუბარი დაიგეგმა მას შემდეგ, რაც 14 მარტს რომში ინტენსიური შეხვედრა გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენელს, ჯეიკ სალივანსა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენელს, იან ცეჩის შორის.

ამ შეხვედრაზე სალივანმა შეშფოთება გამოხატა რუსეთთან ჩინეთის მოკავშირეობის გამო. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა თქვა, რომ სალივანი პირდაპირი იყო ცეჩისთან საუბარში ჩინეთისთვის „პოტენციური შედეგების თაობაზე“, თუკი პეკინი დახმარებას აღმოუჩენს რუსეთს.

ჩინეთმა და რუსეთმა უკანასკნელ წლებში გააღრმავეს ორმხრივი ურთიერთობები. პეკინს პირდაპირ არ დაუგმია უკრაინაში რუსეთის შეჭრა, რამაც გააძლიერა ვაშინგტონის შეშფოთება.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა გააძლიერა დეზინფორმაცია, რომელიც რუსეთმა შესაძლოა საბაბად გამოიყენოს უკრაინაზე ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღით თავდასხმისთვის. ასევე მოიპოვება ცნობები, რომ რუსეთმა ჩინეთს დახმარება სთხოვა. მოსკოვი უარყოფს ამ ინფორმაციას.

იანთან შეხვედრაზე სალივანმა მეტი გამჭვირვალობა მოითხოვა რუსეთის მიმართ პეკინის პოზიციაში და გაიმეორა, რომ ჩინეთის ნებისმიერი მცდელობა, დახმარება აღმოუჩინოს რუსეთს, ძვირად დაუჯდება სი ძინპინის მთავრობას.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ხანებში ბაიდენის ყურადღების ცენტრში უკრაინაში მიმდინარე ომია, თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, მათი მზერა კვლავაც მიპყრობილია ჩინეთისკენ და თვალყურს ადევნებენ, რა ნაბიჯებს გადადგამს ჩინეთის პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG