პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, უკრაინიდან პოლონეთში გაქცეულ ლტოლვილთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, რაც მეტია, ვიდრე დედაქალაქ ვარშავის მოსახლეობა.
სასაზღვრო დაცვის სამსახურმა 18 მარტს განაცხადა, რომ უკრაინიდან ლტოლვილთა მიერ საზღვრის გადმოკვეთის ტენდენცია კლებადია - უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 52 ათასი ადამიანი შევიდა უკრაინიდან პოლონეთში.
სამსახურმა დასძინა, რომ 18 მარტს დილის 7 საათამდე კიდევ 7100 ლტოლვილი შევიდა ქვეყანაში.
„ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. მესაზღვრეები პირველი პოლონელები არიან, ვინც მათ ეხმარება საზღვრის გადაკვეთის შემდეგ. ხშირ შემთხვევაში უბრალოდ მხარდაჭერის სიტყვებიც კი ძალზე ბევრს ნიშნავს“, - განაცხადა სასაზღვრო დაცვის სამსახურმა.
გაეროს თანახმად, დღემდე უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გაექცა 3 მილიონზე მეტი ადამიანი.
არ არის ნათელი, რამდენი ლტოლვილი დარჩა პოლონეთში, ვინაიდან, როგორც ვარაუდობენ, ბევრი მათგანი მესამე ქვეყნებში გაემგზავრა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.