Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთს ტრადიციულ ბრალდებებს უყენებენ


უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში. 2022 წლის 24 თებერვალი.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ დღეს, 18 მარტს განაცხადა, რომ საბჭოში უმრავლესობით წარმოდგენილმა „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა მიეღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლის პროექტი 1 მარტს შესთავაზეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭო გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აგრესიისა და უკრაინაში შეჭრის გამო.

ბათუმში დღეს გამართულ ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძემ თქვა, რომ აჭარის ადგილობრივ და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გაცხადებული რუსული პოზიცია აქვთ.

„მინდა მივმართო ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს და ვუთხრა, რომ ხელისუფლების პოზიცია არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციას“, - განაცხადა აბულაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძემ. მისი განმარტებით, უმაღლეს საბჭოს რეგლამენტით არ აქვს საერთაშორისო საკითხზე რეზოლუციის მიღების შესაძლებლობა, ამიტომ, საკომიტეტო განხილვისას ოპოზიციური ფრაქციის წევრებს შესთავაზეს ამ შინაარსის არა რეზოლუციის, არამედ განცხადების მიღება.

„შევთავაზეთ ამ ტექსტს დავარქვათ უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადება, მოვაწეროთ ხელი და გამოვაქვეყნოთ, მაგრამ არ უნდათ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაციკაძემ. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს, რადგან მათი რეალური მიზანი შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის აჟიოტაჟის შექმნაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG