Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა კიევს, შესაძლოა, სანქცირებული რუსი ოლიგარქების გაყინული თანხები გაუგზავნოს


ალექსეი მორდაშოვი, კომპანია "სევერსტალის" მფლობელი
ალექსეი მორდაშოვი, კომპანია "სევერსტალის" მფლობელი

ევროკავშირის ხელმძღვანელობა განიხილავს სანქცირებული მსხვილი რუსი ბიზნესმენების აქტივების გამოყენების შესაძლებლობას უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის საქმეში.

ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება. ამავე წყაროების თანახმად, ეს ინიციატივა განხილვის ძალიან ადრეულ ეტაპზეა და ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. საბოლოოდ ევროპული ბლოკის ყველა წევრი ქვეყანა გადაწყვეტს, თუ როგორ მოხდება ევროკავშირის მიერ ამ თანხების განკარგვა.

აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას, ევროკომისიის პრეზიდენტის ურზულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა, მხოლოდ ის თქვა, რომ ამ დროისთვის თანხები გაყინულია და დასძინა, რომ ფონ დერ ლაიენს ამ საკითხის შესწავლა არ მოუთხოვია.

ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი შეიმუშავეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საპასუხოდ. კრემლთან დაახლოებული ათობით ბიზნესმენი ასევე აღმოჩნდა შეზღუდვების ქვეშ, რის შემდეგაც დაიწყო მათი აქტივების დაბლოკვა. მათ შორის არიან: საინვესტიციო ჯგუფ „ვოლგა ჯგუფის“ მფლობელი, გენადი ტიმჩენკო, „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „ტრანსნეფტის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი ტოკარევი, USM Holdings-ის დამფუძნებელი ალიშერ უსმანოვი, Severstal alexey Mordashov-ის მფლობელი, ალექსეი მორდაშოვი.

მხოლოდ იტალიას, როგორც მთავრობის ანგარიშებიდან ირკვევა, გაყინული აქვს დაახლოებით 780 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები, აღნიშნავს Bloomberg-ი. ზომები შეეხო რუსი ოლიგარქების კუთვნილ სუპერიახტებს, კერძო თვითმფრინავებსა და უძრავ ქონებას.

მთლიანობაში, ევროკავშირის მიერ დღემდე დაწესებული სანქციები რუსეთის 877 მოქალაქესა და 62 კომპანიას შეეხო.

სიაში მოხვედრილი პირების აქტივები გაიყინება. ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ სანქციებში შესულ პირებსა და კომპანიებთან გარიგებები. ფიზიკურ პირებზე დამატებით ვრცელდება ასევე მგზავრობის შეზღუდვაც. მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტული გზით მისი გავლა.

ევროკავშირმა რუსეთისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან და მისი სუვერენიტეტი აღიაროს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG