ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში შუამავლობას ცდილობს, 21 მარტს განაცხადა, რომ, მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, მხარეებს შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობაა.
„წინ კიდევ გრძელი გზაა, ვინაიდან... არის რამდენიმე სადავო საკითხი, რომელთაგან ზოგიერთი ფუნდამენტურია“, - თქვა ისრაელის მთავრობის თავმჯდომარემ. მან დასძინა, რომ „ისრაელი მსოფლიოში სხვა მეგობრებთან ერთად გააგრძელებს მცდელობას, გადალახოს წინააღმდეგობები და შეაჩეროს ომი“.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 24 თებერვალი „ორჯერ შევიდა ისტორიაში და ორჯერვე როგორც ტრაგედია - უკრაინელებისთვის, ებრაელებისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის“.
„1920 წლის 24 თებერვალს გერმანიაში დაარსდა ნაციონალ-სოციალისტური პარტია, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა,... 2022 წლის 24 თებერვალს გაიცა დანაშაულებრივი ბრძანება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ“, - თქვა ზელენსკიმ 20 მარტს ისრაელის პარლამენტის, ქნესეთის წინაშე ვიდეოკავშირის მეშვეობით გამოსვლისას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ზელენსკი უკვე გამოვიდა მიმართვით რიგი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წინაშე. კერძოდ, მან მიმართა აშშ-ის კონგრესს, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას, გერმანიის ბუნდესტაგს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მთავრობა ცდილობს, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში და ამის მიზეზად ორივე ქვეყანასთან მჭიდრო კავშირებს ასახელებს.
ბენეტი ტელეფონით ეთათბირა ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. 5 მარტს ის მოსკოვში შეხვდა პუტინს.
ამასთან, ისრაელში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის აგრესია.