Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კატლერს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებსაც უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დევიდ კატლერთან შეხვედრაზე განიხილეს გლობალური უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება.

მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს“, -ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხვალ დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე უწყებათშორისი ჯგუფის წევრებს შეხვდება.

ნატოს მოკავშირეთა სახმელეთო ძალების სარდლობის მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლა ძანელისთან და ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორთან, გენერალ-მაიორ ფრანჩესკო დიელასთან ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები, შავი ზღვის სტრატეგიულ დიალოგში ჩართულობა და რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემო იყო.

თავდაცვის მინისტრის თქმით, გამოწვევების მიუხედავად საქართველო პარტნიორების მხარდაჭერით განაგრძობს რეფორმებს თავდაცვის მიმართულებით, რათა კიდევ უფრო განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები.

„საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს მესამე სწავლებას, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები მასპინძლობს. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სწავლება ნათლად აჩვენებს საქართველოს საწვრთნელ შესაძლებლობებს, რომელიც უკვე იმ დონეზეა განვითარებული, რომ მრავალეროვნული წვრთნების ჩატარებისთვის პარტნიორებს მაღალი სტანდარტების, ფართომასშტაბიან და ეფექტიან საწვრთნელ გარემოს სთავაზობს“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

20-დან 25 მარტსის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს სწავლებას მასპინძლობენ.

სამეთაურო საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG