Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: საქართველოში კანონის უზენაესობაა, რაც ღირებულებით აკავშირებს ნატოსთან და პარტნიორებთან


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს 2022 წლის სწავლება ამ ორგანიზაციის მხრიდან ქვეყნის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"მსგავსი სწავლებები ამ მიმართულებით არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესანიშნავი საშუალებაა, არამედ აძლიერებს ჩვენს კოორდინაციას და ხელს უწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას...

საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა. ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმებით და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით. ევროკავშირში განაცხადიც სწორედ ამ საერთო ღირებულებითი და კულტურული იდენტობისკენ მისწრაფების გამოხატულებაა", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პარტნიორებს სწავლებაში მონაწილეობისთვის.

"განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რომელიც არის გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, მთელი რეგიონისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს", - თქვა პრემიერმა.

ნატო-საქართველოს მიმდინარე სწავლება, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ, ხვალ, 25 მარტს, დაწყებიდან მე-11 დღეს სრულდება.

წელს, ნატო-საქართველოს რიგით მესამე სწავლება კომპიუტერული სიმულაციებით ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარების გამოვლენას, ათვისებასა და განვითარებას ეძღვნებოდა. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

XS
SM
MD
LG