Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხარდამჭერ აქციებზე ბავშვები გამოჰყავთ


რუსეთის ფედერაციის და მისი ხელმძღვანელობის მხარდამჭერი აქცია გამართეს ოკუპირებული ცხინვალის აკსო კოლიევის სახელობის ხელოვნების ლიცეუმის მოსწავლეებმა. მასწავლებლებმა ბავშვები სკოლის ეზოში გამოიყვანეს და ლათინური ასო Z ფორმით განალაგეს. მოსწავლეებს რუსეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშებიც ეკავათ. აქციაში მე-5 დან მე-9 კლასამდე მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ლიცეუმის ეზოში ჯამში ასამდე ბავშვი შეიკრიბა.

„ამ ფლეშმობით ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ რუსეთს, ვლადიმირ პუტინს და ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში, რუსეთის სპეცოპერაციაში. ასეთი ქმედებები აყალიბებს პატრიოტიზმის გრძნობას ახალგაზრდა თაობაში. მინდა, ყველაფერი კარგად დასრულდეს და ყველა ცოცხალი და ჯანმრთელი დაუბრუნდეს თავიანთ ოჯახებს და საყვარელ ადამიანებს“, - განუცხადა ლიცეუმის ხელმძღვანელმა ნელი პლიევამ ადგილობრივ ჟურნალისტებს. მისი თქმით, ფლეშმობის მოწყობის ინიციატივას დიდი ენთუზიაზმით დაუჭირეს მხარი როგორც ბავშვებმა, ასევე მასწავლებლებმა. მანამდე ცხინვალის კიდევ ერთი საშუალო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეომიმართვები ჩაწერეს, რუსეთის და ცხინვალიდან წაყვანილი ჯარისკაცების გასამხნევებლად.

ლათინური ასო Z-ის გამოსახვა რუსეთის ფედერაციაში მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო. კრემლი ამ ყველაფერს სპეციალურ ოპერაციას უწოდებს. უკრაინაში შეჭრილ სამხედრო ტექნიკას კი ლათინური Z და V ასოები აწერია. ამ ასოებს მრავალი ინტერპრეტაცია მოჰყვა, რუსეთში და მის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში კი პროპაგანდისტული ფორმა შეიძინა. ოკუპირებულ ცხინვალში მოსწავლეები რუსეთის მხარდამჭერ აქციებზე გამოჰყავთ, რუსეთ-უკრაინის ომში წაყვანილი ჯარისკაცების მშობლები და ოჯახების წევრები კი უკმაყოფილო არიან. 16 მარტს გავრცელდა კადრები ცხინვალიდან, რომელშიც ასახულია სამხედრო ტექნიკის და პირადი შემადგენლობის გაყვანა უკრაინის მიმართულებით. რუსეთის მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ ცხინვალელი ჯარისკაცები. მათი ნათესავები კი აცხადებენ, რომ ისინი, შეთანხმების თანახმად, დისლოკაციის ადგილზე უნდა დაეტოვებინათ და ომის წინა ხაზზე არ უნდა გაეშვათ. ამის გამო ოკუპირებული ცხინვალის საზოგადოების ნაწილი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს აკრიტიკებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG