თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, 5-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციული ფართების გადახურვა ჩამოვარდა. შემთხვევა დღეს, 25 მარტს, მოხდა. პირველადი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
რადიო თავისუფლებამ მომხდარის დეტალების გარკვევა სცადა თელავის მერიაში, სადაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებენ.
ეს იგივე კორპუსზე მიმდინარე კვირაში გადახურვის ჩამოვარდნის უკვე მეორე შემთხვევაა. დაახლოებით 12 მეტრის სიგრძის რკინის კონსტრუქცია 21 მარტსაც ჩამოვარდა. მაშინ ამის მიზეზად დასახელდა დიდთოვლობა.
“კორპუსის მთავარი სახურავიდან ჩამოწვა თოვლის მასა, რომელიც დაეცა პირველ სართულზე არსებულ კომერციული ფართის გადახურვას. შესაბამისი სამსახური მომხდარის მიზეზებს იკვლევს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ყველაფერს გავარკვევთ და საზოგადოებასაც ვაცნობებთ”, - თქვა თელავის მერმა 21 მარტს.
აღსანიშნავია, რომ თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სამი საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადს რეაბილიტაცია ერთი წლის წინ ჩაუტარდა, რაზეც დაახლოებით 1 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.
დაწერეთ კომენტარი