Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მსხვერპლის რაოდენობას ასაჯაროებს


უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო მეორედ აქვეყნებს ინფორმაციას საკუთარი მსხვერპლის შესახებ:

  • დაიღუპა - 1 351 სამხედრო;
  • დაიჭრა - 3 825.

ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია უკრაინული მხარისა და სხვა, დამოუკიდებელი წყაროების მიერ დასახელებულთან შედარებით.

რუსულმა გამოცემამ, „კომსომოლსკაია პრავდა", ერთი დღე-ღამის შემდეგ წაშალა მონაცემები უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაღუპული რუსეთის სამხედროთა რაოდენობის შესახებ. მასალა, რომელიც გამოცემამ 20 მარტს გამოაქვეყნა, ასახავდა ფრაგმენტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის ბრიფინგიდან, რომლის თანახმად, უკრაინაში რუსეთმა დაკარგა 9 861 ადამიანი, ხოლო დაიჭრა - 16 153.

ბრიფინგის ოფიციალურ ვიდეოჩანაწერში ეს მონაკვეთი არ გვხვდება.

2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 498 სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყებოდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 19 მარტის მონაცემებით აცხადებდა, რომ ომის დაწყებიდან, უკრაინაში რუსეთის დაახლოებით 14 400 სამხედრო პერსონალი დაიღუპა.

12 მარტს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 17 დღეში 1 300-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უკრაინამ საკუთარ დანაკარგებზე გააკეთა ოფიციალური განცხადება.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG