Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა "ღალატი" უწოდა რუსეთის მოქალაქეების მიერ კრიტიკას უცხოეთიდან


უცხოეთში რუსეთის მოქალაქეების წასვლა ყოველი მათგანის პირადი საქმეა, მაგრამ ვინც უცხოეთიდან აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს, ღალატს სჩადის. ამის შესახებ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.

„დიდი სხვაობაა იმათ შორის, ვინც უბრალოდ წავიდა ქვეყნიდან და იმათ შორის, ვინც აქტიურად არ ეთანხმება ხელისუფლების გადაწყვეტილებებს სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ, უფრო მეტიც, სხვა ქვეყნის პოზიციაზეც კი დგება“, - აღნიშნა მედვედევმა. მან ასევე თქვა, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში ხელისუფლების კრიტიკა ნორმალურია, მაგრამ ომის ან სპეცოპერაციის შემთხვევაში კრიტიკა დაუშვებელია.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით.

4 მარტს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებას ითვალისწინებს უცხოეთში რუსეთის არმიის მოქმედებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და სამხედროთა დისკრედიტაციისთვის. სასჯელი ითვალისწინებს 15 წლამდე კოლონიაში პატიმრობას.

22 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმამ სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებები შეიტანა უცხოეთში რუსეთის ხელისუფლების მუშაობის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელების თაობაზე. სასჯელით გათვალისწინებულია ჯარიმა ხუთ მილიონ რუბლამდე ან 10 წლამდე პატიმრობა.

მანამდე ვლადიმირ პუტინმა „ნაციონალ-მოღალატეები“ უწოდა იმათ, ვინც ცხოვრების დასავლურ წესზეა ორიენტირებული. მისი თქმით, ასეთი მოქალაქეების იმედი აქვს „დასავლეთს“, რომელიც ცდილობს, ავნოს რუსეთს. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უბრალოდ ფულს ხარჯავენ უცხოეთში, პუტინს შეკითხვები არა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG