Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი პოლონეთში განლაგებულ ამერიკელ სამხედროებს შეხვდა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში პარასკევს განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მკაცრი „სადამსჯელო“ სანქციები შემოიღეს უკრაინაში მის შეჭრასთან დაკავშირებით. ბაიდენმა დასძინა, რომ სანქციები გამკაცრდება, მაგრამ დეტალები არ დაუსახელებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა მოინახულა ქალაქი ჟეშუვი უკრაინის საზღვრის მახლობლად. იქ განლაგებულია ბაზა, რომელშიც ჩადის უკრაინისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება და სამხედრო ტვირთი. აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდა შეერთებული შტატების 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ამჟამად პოლონეთში არიან დისლოცირებული. ჯარისკაცების სასადილოში მან პიცა გასინჯა. ბაიდენმა სამხედრო მოსამსახურეებს განუცხადა, რომ ისინი „მსოფლიოში საუკეთესო ჯარისკაცები“ არიან და მადლობა გადაუხადა მათ სამსახურისთვის.

ამის შემდეგ ბაიდენი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას და მასთან ერთად შეხვედრა გამართა ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლებთან, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად უკრაინის 10 მილიონამდე მაცხოვრებელმა დატოვა საკუთარი სახლები, მათგან 3 მილიონამდე ადამიანი უცხოეთში გაემგზავრა და ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გახდა ლტოლვილი.

ბაიდენმა პირობა დადო, რომ ლტოლვილებს გაუზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას. მისი სიტყვებით, ის სიამოვნებით მოინახულებდა უკრაინის ტერიტორიას, მაგრამ ამის „უფლება არ მისცეს“, როგორც ჩანს, უშიშროების მოსაზრებებით.

პოლონეთში ბაიდენი ჩავიდა ბრიუსელიდან, სადაც მონაწილეობა მიიღო ნატოსა და „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტებში. მან ასევე მოლაპარაკებები გამართა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან. აშშ-ის პრეზიდენტმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადეს სამუშაო ჯგუფის შექმნის გეგმაზე, რომელიც რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებაზე იმუშავებს.

ბაიდენმა და აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინაში არ გაგზავნიან ამერიკელ სამხედროებს, მაგრამ მზად არიან მტკიცე პასუხის გასაცემად, თუკი რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG