Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის თქმით, ახლა არმიის ძალისხმევა მიმართული იქნება დონბასის ტერიტორიაზე


სერგეი რუდსკოი (მარჯვნივ) და ვლადიმირ პუტინი.
სერგეი რუდსკოი (მარჯვნივ) და ვლადიმირ პუტინი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 მარს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის სამხედროთა ძალისხმევა მიმართული იქნება დონბასის ტერიტორიაზე.

„ოპერაციის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ძირითადად მიღწეულია,“ თქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, სერგეი რუდსკოიმ.

„უკრაინის საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, რაც... საშუალებას იძლევა, ჩვენი ძირითადი ძალისხმევა მივმართოთ მთავარ მიზანზე, დონბასის გათავისუფლებაზე.“

მისი თქმით, „უკრაინაში სამხედრო ოპერაციის“ მთავარი მიზანი იყო ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების დაკავება. ამ რეგიონებში სეპარატისტები 2014 წლიდან ებრძვიან უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების ჯარებს.

რუდსკოიმ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე რუსეთის არმიის წინაშე იყო მოქმედების ორი ვარიანტი.

ერთი იყო სამხედრო ოპერაციის ლოკალიზება დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა შეძლებდა, დონბასში გამუდმებით გაეგზავნა დამატებითი ჯარები, მაშინ მეორე ვარიანტი ითვალისწინებდა „ოპერაციებს მთელი უკრაინის ტერიტორიაზე - დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ზომების განსახორციელებლად“.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთეს განცხადებები, საიდანაც ჩანდა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მიზანია ქვეყნის "დენაციფიკაცია" და მისი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა.

მიუხედავად ყველა მცდელობისა, დაეკავებინათ უკრაინის დიდი ქალაქები, მათ შორის დედაქალაქი კიევი, რუსეთის არმიამ ვერ მოახერხა ეს ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში. კიევის მახლობლად ფრონტის ხაზები რამდენიმე კვირის განმავლობაში უცვლელია. ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით უძრავად დგას რუსეთის ჯავშანტექნიკის ორი კოლონა.

უკრაინის წინააღმდეგ იერიშის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა აღიარა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. მოსკოვი აცხადებს, რომ სეპარატისტების კონტროლი უნდა გავრცელდეს ორი ადმინისტრაციული რეგიონის მთელს ტერიტორიაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 25 მარტის განცხადების საფუძველზე საერთაშორისო მიმოხილველთა ნაწილი ასკვნის, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს ომში რუსეთის მიზნების გადახედვას.

XS
SM
MD
LG