Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაღუპული დავით რატიანი მადლიერების ტაშით გააცილეს


ქაშუეთის ეკლესიიდან ხალხმა ტაშით გააცილა დავით რატიანი, უკრაინაში, რუსეთთან ომში დაღუპული ქართველი სამხედრო, რომელიც თბილისში 24 მარტს ჩამოასვენეს, ასევე ქალაქ ირპენთან დაღუპულ გია ბერიაშვილთან ერთად.

დავით რატიანის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში, ხოლო გია ბერიაშვილისა - თემქის სასაფლაოზე მდებარე ტაძარში მიმდინარეობდა. მადლიერმა ადამიანებმა პატივი მიაგეს „გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს თავისუფლებისთვის“. სამხედროებს 26 მარტს სამოქალაქო სასაფლაოზე, ცალ-ცალკე კრძალავენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებიდან დავით რატიანის დაკრძალვაზე მედიამ შეამჩნია მხოლოდ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი იბრძოდნენ უცხოელ მოხალისეთა რაზმში. ისინი 18 მარტს კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ირპენის ფრონტზე დაიღუპნენ რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად.

ისინი თბილისში 24 მარტს, გამთენიისას, ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე თუ აეროპორტის გზაზე, ოჯახის წევრებისა და ნათესავების გარდა, შეკრებილი იყვნენ მადლიერი მოქალაქეები, რომლებმაც უკრაინისა და საქართველოს დროშებითა და სანთლებით პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის მებრძოლებს. შეკრებილები ამბობდნენ, რომ „უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება“ და „ქართველი მებრძოლები უკრაინაში საქართველოს ინტერესებსაც ემსახურებიან“.

აეროპორტში მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. პრეზიდენტი ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც უკრაინაში დაღუპული მოხალისეების სამშობლოში ჩამოსვენებას დაესწრო.

ჯერჯერობით ვერ ხერხდება უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას საქართველოში გადმოსვენება. ის 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG