Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაყურებლებით გადაჭედილი თავშესაფარი - რას ჰყვება ქართველი რეჟისორი ზაზა ბუაძე უკრაინიდან


სპექტაკლი დასავლეთ უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის თეატრის სარდაფში
სპექტაკლი დასავლეთ უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის თეატრის სარდაფში

უკრაინაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი ზაზა ბუაძე კიევში უკვე 15 წელია ცხოვრობს. რადიო თავისუფლება მას პირველად ომის დაწყებიდან მეორე დღეს ესაუბრა. 25 თებერვალს ზაზა ბუაძე ჯერ კიდევ კიევში იყო და შიშობდა, რომ რუსი სამხედროები დედაქალაქს უახლოვდებოდნენ.  

რეჟისორი 28 თებერვალს ისევ კიევში რჩებოდა და რუსულ დივერსიულ ჯგუფებთან დაპირისპირებას საკუთარი ბინის ფანჯრებიდან ადევნებდა თვალს.

ახლა ის დასავლეთ უკრაინას, ივანო-ფრანკოვსკში მეგობრის სახლს აფარებს თავს. რადიო თავისუფლება მას გუშინ, 25 მარტს, ომის ერთი თვის თავზე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: გამარჯობა, ბატონო ზაზა, პირველ რიგში, როგორ ხართ და სად იმყოფებით ახლა? რა შეიცვალა თქვენთვის ჩვენი ბოლო საუბრიდან?

ზაზა ბუაძე
ზაზა ბუაძე

ზაზა ბუაძე: ბოლო 10 დღეა დასავლეთ უკრაინაში ვარ, ივანო-ფრანკოვსკში. თითქმის ცარიელი კიევი შემოვლითი გზებით დავტოვე. ისეთი ადგილებიც გამოვიარეთ, რომელიც ზუსტად იმ დროს იბომბებოდა. მარშრუტზე დეტალური ინფორმაციის თქმა, ალბათ, სწორი არ იქნება, მაგრამ, ცხადია, ეს არ არის ის ტრადიციული გზები და იმ დროში გავლილი, როგორც ეს ომამდე ხდებოდა. ერთგან, 70-კილომეტრიან საცობში მოგვიწია ყოფნა, მაგრამ ახლა სიტუაცია შედარებით ნაკლებად დრამატულია. ვითარება მთლიანად ქვეყანაში შეიცვალა. ცხადია, რჩება ისეთი ადგილები, როგორც მარიუპოლია, სადაც განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა.

რადიო თავისუფლება: რა ხდება თავად ივანო-ფრანკოვსკში, მანდ როგორი ვითარებაა?

ზაზა ბუაძე: პირველი დღეებისგან განსხვავებით მაღაზიებში პროდუქტების დეფიციტი არ არის. დიდ რიგებს ვერ ნახავთ. ყველაფერი არის და იგზავნება აღმოსავლეთშიც, ხარკოვში, კიევში, [ყველგან] სადაც ეს შესაძლებელია.

საგანმანათლებლო დაწესებულებები არ მუშაობს. გამუდმებული განგაშის და მზადყოფნის რეჟიმში ვართ. განგაშის ხმა დღეში რამდენჯერმე ისმის. საღამოს 22:00 საათიდან დილამდე კომენდანტის საათია. შიდა მიგრაცია ძალიან დიდია. ეს ქალაქი, ისევე როგორც დანარჩენი სხვა ქალაქები შიდა მიგრანტებით გადატვირთულია. ძალიან ბევრი ხალხია, მაგრამ პანიკა არ არის და ყველაფერი ძალიან კარგად არის ორგანიზებული.

რადიო თავისუფლება: როგორც ვიცი, მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, მაინც ახერხებთ მუშაობას…

ზაზა ბუაძე: ახლა დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში, ფრანკოვში ძალიან ბევრი ჩემი კოლეგაა, კინემატოგრაფისტებიც, მწერლები, მუსიკოსებიც და ვცდილობთ, ისე, როგორც შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მაგალითად, დღეს უკვე თითქმის ყველა უკრაინული ტელევიზიის ეთერში გავიდა პატარა კლიპი, რომელიც აქ გავაკეთეთ.

საქმე ისაა, რომ რუსეთი მთელი თავისი არსებობის მანძილზე აკეთებდა ერთ რამეს - იპარავდა. ყველას ჰპარავდა, მაგრამ, პირველ რიგში, უკრაინას, დაწყებული ქვეყნის სახელით, ისტორიით, კულტურით დამთავრებული.

ახლა აქ დავიწყეთ ასეთი პროექტი - მოპარული სიმღერები. სიმღერები, რომლებიც ყველას საბჭოთა ან რუსული ეგონა და რომელიც სინამდვილეში იყო უკრაინული, უკრაინელი პატრიოტების მიერ შექმნილი. დღეს ტრიალებს უკვე ეს კლიპი, რომელიც ალბათ ყველამ იცის და გვახსოვს ლამის დაბადებიდან. რუსულად ვიტყვი სათაურს Вставай, страна великая. სიმღერა, რომელიც ოფიციალური საბჭოთა რუსული ვერსიით 1941 წელს შეიქმნა, როცა დაიწყო ომი, რომელსაც საბჭოთა კავშირში დიდ სამამულო ომს ეძახდნენ. სინამდვილეში ეს სიმღერა 1919 წელს, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის არსებობის დროს, კრივოი-როგის მეამბოხეებმა შექმნეს.

კულტურული ცხოვრება არ წყდება. სპექტაკლები იმართება, გადაჭედილია დარბაზი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს დარბაზი არ არის. სპექტაკლები არა ჩვეულებრივ სცენაზე, არამედ სარდაფში, თავშესაფარში ტარდება. არის ხოლმე შემთხვევები, როცა სირენაა და მეზობელი სახლებიდან მცხოვრებლები ყველანი აქ მოდიან, აქ ყველაზე დიდი თავშესაფარია. მთავრდება მერე განგაში და სპექტაკლი გრძელდება.

მე და ჩემი მეგობარი, მონტაჟის რეჟისორი, ამჟამად აგერ ვსხედვართ და ვამონტაჟებთ პატარა ფილმს - ჰამლეტი თავშესაფარში.

რადიო თავისუფლება: რა სიხშირით იმართება სპექტაკლები?

ზაზა ბუაძე: ყოველდღე. [სარდაფი] უცებ გადაკეთდა თავშესაფრად. თავშესაფრადაც იყენებენ და როდესაც ამის შესაძლებლობაა, სცენადაც. განგაშის დროს მაყურებლების ადგილზე მეზობლები სხედან, თეატრის გარშემო სახლებიდან. როცა სპექტაკლების გამართვის საშუალება გვაქვს, მაყურებლები იკავებენ ადგილს. რამდენიმე დღე ზედიზედ ვესწრები ამ სპექტაკლებს და არის აბსოლუტური ანშლაგი.

რადიო თავისუფლება: როგორ ნახულობენ ასეთ დროს უკრაინელები ძალას და სურვილს იმისთვის, რომ სპექტაკლებს დაესწრონ?

ზაზა ბუაძე: ყველასათვის მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრება გრძელდებოდეს. არ არის შიში, არ არის პანიკა. აი, ეს არის ყველაზე მთავარი. რა თქმა უნდა, ყველას მშვენივრად გვესმის, რა სიტუაციაა, აგერ აეროდრომი დაიბომბა ჩვენ მეზობლად, იგივე სიტუაციაა ყველგან, ლვოვშიც, უჟგოროდში, სადაც ვიცი, რომ ასეთ ჯგუფებად არიან ჩვენი კოლეგები. ვიცი, რომ უჟგოროდში ახლა პატარა მხატვრულ ფილმსაც კი იღებენ. ამდენიც კი მოახერხეს. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემს მეგობრებთან ერთად წამოვსულიყავი აქ. კიევში ეს შეუძლებელია. იმიტომ, რომ დედაქალაქი განსაკუთრებულ რეჟიმზეა. კომენდანტის საათი იქ არა მხოლოდ საღამოს იწყება და დილას მთავრდება, არამედ ზოგჯერ 48 საათი ან უფრო მეტიც მოქმედებს.

რადიო თავისუფლება: როგორი მოლოდინები გაქვთ, რას მოელით მომდევნო დღეებში?

ზაზა ბუაძე: იმედიანად ვარ. დარწმუნებული ვარ, კიევი მალე მთლიანად განთავისუფლდება და თანდათან გაძლიერდება ის კონტრშეტევები, რომლებიც უკვე დაიწყო უკრაინულმა ჯარმა.

რადიო თავისუფლება: უკრაინაში რუსეთის ომიდან ერთი თვეც გავიდა. როგორი იყო ეს ერთი თვე თქვენთვის?

ზაზა ბუაძე: ერთმნიშვნელოვად ეს არის გმირობის ერთი თვე, რომელიც კიდევ გაგრძელდება და იქნება ბოლომდე გმირობა. გითხრათ, რომ გამიკვირდა და არ ველოდი ამ ქვეყნისგან ასეთ განწყობას და ამგვარი პასუხის გაცემას მტრისათვის, ტყუილი იქნება. ველოდი, იმიტომ, რომ დიდი ხანია აქ ვარ და დიდი ხანია ვიცნობ ამ ერს. დღეს გამარჯვების კიდევ უფრო გაძლიერებული რწმენაა. მიუხედავად უზარმაზარი ზარალისა, ქვეყანა ომის პირობებში თავის მომავალს უკვე აშენებს. ამას ვხედავ და ხედავს ყველა ყოველდღე. მე ჯერ აქ უიმედო და ხელჩაქნეული ადამიანი არ შემხვედრია.

ეს ერი ერთიანია ერთი მიზნით, ერთი რწმენით, ერთი იმედით და გამარჯვებაში არავის არ ეპარება ეჭვი. იქმნება სრულიად ახალი ქვეყანა, სრულიად ახალი უკრაინა, სრულიად ახალი მოტივაციით სავსე ერი. და ყველაზე მთავარი - ერი, რომელმაც იცის, გამარჯვების შემდეგ როგორი ქვეყნის შენებას დაიწყებს და ეს შენება უკვე დაწყებულია. რა თქმა უნდა, ვიყო მცირე ნაწილი ამ პროცესის, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG