პრაღამ ანგარიშებზე ასობით მილიონი კრონა გაუყინა რუს ოლიგარქებს, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ უკრაინაში ომის გამო. ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა ჩეხეთის ტელევიზიით.
ფიალას თქმით, გაყინული აქტივები უცხო ქონების მხოლოდ ნაწილია. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ კომპანიებისთვის დარტყმის მიყენებისას, რომლებიც სანქციების სიაში მოხვედრილ ბიზნესმენებს ეკუთვნით, სახელმწიფომ სამუშაოთი უნდა უზრუნველყოს თანამშრომლები. მან არ გამორიცხა, რომ სანქციების შემდგომი შესრულებისთვის ჩეხეთს საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. მისი თქმით, საქმე არ ეხება რუსი ოლიგარქების კუთვნილი საწარმოების ნაციონალიზაციას.
სანქციების შესრულებისთვის ჩეხეთში პასუხისმგებელია საფინანსო-ანალიტიკური ბიურო. მიმდინარე კვირაში მან გამოაცხადა, რომ შეისწავლის სანქციებისთვის თავის არიდების რამდენიმე შემთხვევას. ბიზნესმენთა ვინაობას არ ასაჯაროებენ.
უკრაინასთან ომამდე ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი მოსკოვის მიმართ სანქციებს ეწინააღმდეგებოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მალევე ზემანმა კრემლის წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრი ზომების გატარებას დაუჭირა მხარი. ფიალამ ტელეინტერვიუში კმაყოფილება გამოთქვა, რომ ჩეხეთის ხელმძღვანელობაში საგანგებო ვითარების პირობებში არ იყო აზრთა სხვადასხვაობა.
ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ ევროკავშირმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესა. ისინი შეეხო რუსეთის მსხვილ კომპანიებს, ასევე სახელმწიფო მოხელეებს, მეწარმეებსა და ბანკირებს.
იტალიამ, კერძოდ, გაყინა ოლიგარქების 800 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები. ნიდერლანდის ცენტრალურმა ბანკმა გაყინა რუსეთის 200 მილიონი ევროს აქტივები. საფრანგეთმა გაყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის 22 მილიარდი ევრო.
თავის მხრივ, რუსეთის სახელმწიფო დუმა გამოვიდა წინადადებით, მოხდეს იმ დასავლური კომპანიების ნაციონალიზაცია, რომლებიც რუსეთის ბაზრიდან წავიდნენ უკრაინის გამო. ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა ასეთი საწარმოების საგარეო მართვის შემოღებას.
მთავრობასა და პროკურატურაში გაიგზავნა სია, რომელში შემავალმა უცხოურმა კომპანიებმაც გამოაცხადეს, რომ წყვეტენ ან აჩერებენ რუსეთში მუშაობას და ამიტომ შესაძლებელია მათი ნაციონალიზაცია. სიაში, კერძოდ, მოხვდნენ Apple-ი, IBM-ი, IKEA, H&M-ი, McDonald’s-ი, Microsoft-ი, Porsche, Shell-ი, Toyota და Volkswagen-ი.