უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 28 მარტს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები კიევის მახლობლად, ჩრდილო-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ცდილობენ უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევას, რათა კონტროლი დაამყარონ ავტომაგისტრალებსა და დასახლებულ პუნქტებზე.
გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებებიდან მოიგერიეს 5 შეტევა. ოფიციალური შეტყობინებითვე, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტის დასაცავადაც. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია რუსული არმიის 2 ტანკი, 4 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ფრთოსანი რაკეტა.
სულ მცირე 1 ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყება ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი. მისი ინფორმაციით, დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა ისევ დაცხრილეს ქალაქი რუბეჟნოე. მათ შორის საცხოვრებელი სახლი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი - დაიჭრა.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება.
მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. დაღუპულია ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე.