Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თქმით, სავარაუდო პროვოკაციების გამო დღეს არ გაიხსნება დაგეგმილი ჰუმანიტარული დერეფნები


უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა არ იგეგმება რუსეთის მხრიდან შესაძლო „პროვოკაციების“ გამო.

„ჩვენი დაზვერვა იტყობინება ჰუმანიტარული დერეფნების მარშრუტებზე ოკუპანტების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ. ამიტომ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, დღეს არ ვხსნით ჰუმანიტარულ დერეფნებს“, - დაწერა მან 28 მარტს Telegram-ში. ვერეშჩუკს დეტალები არ დაუსახელებია.

ერთ თვეზე მეტ ხანს მიმდინარე ინტერვენციის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ვერცერთი დიდი ქალაქის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა, მაგრამ ზოგიერთ მათგანს გადაუკეტა მომარაგებისა და საევაკუაციო გზები.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლში, სადაც, ქალაქის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ათიათასობით ადამიანი „ჰუმანიტარული კატასტროფის“ ზღვარზეა.

მარიუპოლი, რომელშიც ომამდე 400 000 ადამიანი ცხოვრობდა, ნანგრევებადაა ქცეული, დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალაქში დარჩენილებს არ მოეპოვებათ ელემენტარული პირობები და საკვები.

ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ აქამდე მიღწეული შეთანხმებების უმრავლესობა ჩაიშალა. მხარეები ერთმანეთს სდებენ ამაში ბრალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG