Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოზნერის საავტორო გადაცემა „პირველი არხის“ ეთერში აღარ გადის


ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერის საავტორო გადაცემა 28 მარტს, ორშაბათს, რუსეთის ტელევიზიის „პირველ არხზე“ ეთერში არ გავიდა. ბოლოს გადაცემა ეთერში 21 თებერვალს გადაიცა, უკრაინაში ომის დაწყებამდე სამი დღით ადრე.

გუშინ გადაცემა „პოზნერ“- ის ნაცვლად ეთერში ტოკ-შოუ „დიდი თამაში“ (Большая игра) გავიდა.

საინფორმაციო პორტალის, „Агентство"-ს თანახმად, ხანგრძლივი შესვენებები პოზნერის გადაცემას ადრეც ჰქონია, ძირითადად, ზაფხულში, სატელევიზიო სეზონებს შორის.

პოზნერმა „Агентство"-ს გზავნილი შეკითხვით უპასუხოდ დატოვა. პოზნერის თანაშემწემ კი უპასუხა, რომ მისთვის უცნობია, როდის გავა გადაცემა ეთერში. „პირველი არხის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლარისა კრიმოვამ გამოცემის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „პირველი არხის“ ეთერიდან გაქრა გადაცემა "Вечерний Ургант"-ი. მისი წამყვანი ივან ურგანტი 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის საწინააღმდეგო განცხადებით გამოვიდა. ურგანტი დროებით რუსეთიდან ისრაელში გაემგზავრა.

პოზნერს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად ამერიკისა და საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს, უკრაინაში ომთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

2017 წელს პოზნერს ერთ-ერთი ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ თავის გადაცემაში ჩარევის სამი შემთხვევა ახსენდება, ერთხელ კი გადაცემა დახურვის პირასაც იყო - 2012 წელს, მისი თქმით, წამოსცდა და სახელმწიფო დუმა, „სახელმწიფო სულელად“ („Государственной дурой") მოიხსენია.

რუსეთის "პირველი არხის" ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი 2021 წელს თბილისში თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოვიდა დაბადების დღის აღსანიშნავად, თუმცა, საპროტესტო აქციების გამო იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 31 მარტს, ღამით სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტი მწვავე ფორმებით გამოხატეს, მათ შორის, კვერცხები დაუშინეს სასტუმროს, რომელშიც ის იმყოფებოდა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG