Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ვიცე-პრემიერის თანახმად, რუსეთთან შეთანხმებით უსაფრთხოების სამი დერეფანი ამოქმედდება, მათ შორის მარიუპოლში


ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსეთის მხარესთან მოხერხდა შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას საშუალებას მისცემენ, სამი მიმართულებით დატოვონ საბრძოლო მოქმედების ზონა.

29 მარტს ტელეგრამით გავრცელებულ ცნობაში, ვერეშჩუკი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება მარიუპოლში, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ალყაში ჰყავს მოქცეული რუსულ ჯარს და სადაც, უმძიმეს პირობებში, ათასობით ადამიანი სარდაფებში ცხოვრობს. შეთანხმების თანახმად, მარიუპოლს ადამიანები კერძო მანქანებით დატოვებენ.

ვერეშჩუკის თქმით, მარიუპოლის გარდა, უსაფრთხოების დერეფნები ამოქმედდება რუსების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, საიდანაც მშვიდობიან მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა მიაღწიოს უფრო უსაფრთხო ზაპოროჟიეს. მესამე დერეფანი ასევე ზაპოროჟიესთან დააკავშირებს ქალაქ ენერგოდარს, საიდანაც ასევე მოხდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

ეს ნაბიჯი მხარეებმა მას შემდეგ გადადგეს, რაც წინა დღით ვერ მოხდა შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების თაობაზე, კიევის პოზიციის გამო, რომ არსებობდა რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების საფრთხე.

მარიუპოლი, რომელშიც ომამდე 400 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მიწასთანაა გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა, ათიათასობით ადამიანი ჯერაც ცდილობს ქალაქიდან გაღწევას.

ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ წინა შეთანხმებები ჩაიშალა, რაშიც მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG