ბელარუსის ქალაქ მოგილიოვის სასამართლომ ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდელს, ვასილ ეგოროვს, საკუთარ ავტომობილში გაკრული წარწერისთვის: „უკრაინა, მაპატიე“!
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეგრამის არხი, "Хрысціянская візія"- ავრცელებს.
მღვდელმსახური ეგოროვი მოგილიოვში 25 მარტს დააკავეს და მიუხედავად მისი სასულიერო მოღვაწეობისა, სასამართლოს სხდომას რამდენიმე დღე იზოლატორში ელოდებოდა. მოსამართლემ საქმის განხილვის შემდეგ ბერძნულ-რომაული ეკლესიის მღვდელი 1600 ბელარუსული რუბლით (დაახლოებით 490$-ით) დააჯარიმა.
ვასილ ეგოროვი ბელიჩინსკის დედა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღოლია. იგი სწავლობდა ივანო-ფრანკოვსკში, სადაც მოხდა მისი მღვდლად კურთხევა. არის მრავალშვილიანი მამა და აქტიურად იბრძვის ქრისტიანული ფასეულობების დაცვისთვის.
ეგოროვის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე, ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, იაპონურ ტელეარხ TBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგია იმისა, რომ ბელარუსში ადამიანებს ანტისაომარი პოზიციისთვის სჯიდნენ.
დაწერეთ კომენტარი