Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ უკრაინაში ომის დანაშაულების მტკიცებულებების შემგროვებელი კომისიის წევრები დანიშნა


გაერომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შემგროვებელი კომისიის სამი წევრი დანიშნა. მათ მოუწევთ თვითმხილველთა გამოკითხვა და კონკრეტული მასალების შეგროვება, რასაც მოგვიანებით სასამართლოს წარუდგენენ.

კომისიას უხელმძღვანელებს ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე ერიკ მოისე. კომისიაში შედიან გაერო-ს ყოფილი სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებების საკითხებში, კოლუმბიელი პაბლო დე გრეიფი და ბოსნია-ჰერცეგოვინის ადამიანის უფლებათა კომისარი იასმინკა ჯუმჰური.

უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთის არმიას ომის დანაშაულებში სდებენ ბრალს. მათ შორის ქალაქების განურჩეველ დაბომბვასა და ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) უკვე დაიწყო გამოძიება უკრაინაში ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე.

რუსეთი, თავის მხრივ, უკრაინას ადანაშაულებს მის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ ქალაქების დაბომბვაში.

Reuters-ის ცნობით, რუსეთმა გაეროში კომისიის შექმნა გააპროტესტა.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და ადმინისტრაციული დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG