რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში შეხვდა ავღანეთის "ისლამური საამიროს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, თალიბანის ერთ-ერთ ლიდერს, ამირ ხან მუთაქის.
ლავროვი აცხადებს, რომ მიუხედავად მართვის გამოცდილების ნაკლებობისა, ასევე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლისა, ავღანეთის ახალი ადმინისტრაცია ახერხებს სახელმწიფოს შენარჩუნებას. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა ჩინეთში, სადაც ვიზიტად იმყოფება ავღანეთის მეზობლების (რუსეთი, ჩინეთი, ირანი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) მესამე მინისტერიალზე.
„შეიძლება ითქვას, რომ მართვის გამოცდილების ნაკლებობის, ფინანსური და ეკონომიკური შეზღუდვების და შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის მიუხედავად, ავღანეთის ახალი ადმინისტრაცია ახერხებს სახელმწიფოს შენარჩუნებას“, - თქვა ლავროვმა.
მისივე თქმით, გარკვეული დადებითი შედეგები შეინიშნება კონტრტერორისტული მიმართულებით.
„ჩანს ძალისხმევა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი სიტყვებით, ავღანეთის ხელისუფლება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გაძლიერებისკენაა მოწოდებული და თქვა, რომ თალიბანის მიერ მოსკოვში გაგზავნილ პირველ დიპლომატს აკრედიტაცია მიანიჭეს.
აგვისტოში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თალიბანმა ჩამოაყალიბა მხოლოდ კაცებისგან შემდგარი მთავრობა, რომლის ხელმძღვანელი ვეტერანი რადიკალები აცხადებენ, რომ დაუბრუნდებიან შარიათის მკაცრ კანონებს - რაც დარტყმაა ავღანეთში და საერთაშორისო სივრცეში არსებულ იმედებზე, რომ თალიბანის მმართველობის მეორე პერიოდი უფრო ნაკლებად შემზღუდავი იქნებოდა, ვიდრე ორი ათწლეულის წინ იყო. თალიბანი არცერთ ქვეყანას უღიარებია.
ავღანეთის პროდასავლური ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლებაში თალიბანის დაბრუნების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით, გაყინეს მათ ბანკებში არსებული ავღანეთის მთავრობის ანგარიშები და შეწყვიტეს განვითარების პროგრამების დაფინანსება, რაც ავღანეთის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა.
დაწერეთ კომენტარი