Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა


დღეს, 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა. შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციისგან.

"საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით", - წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები 4 აპრილს შეაჯამა, შედეგები კი 5 აპრილს გამოქვეყნდა პრესაში. ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ დაადგინა:

  • საქართველოს რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3 672 403;
  • რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი იყო 3 334 286, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,7 %-ს;
  • კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი იყო 3 326 100, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,5%-ს;
  • სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის, „დიახ” მომხრეთა რიცხვი იყო 3 295 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08%-ს;
  • სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, „არა” მომხრეთა რიცხვი იყო 16 917, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51%-ს.

ეს დღე საქართველოს მოსახლეობას მიულოცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა:

"31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისაკენ, რომლისთვისაც ქართველთა არაერთი თაობა იბრძოდა და შრომობდა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG