სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორი უფასო სასადილოდან ერთში, რომელიც წნორში მდებარეობს, "სურსათის ეროვნული სააგენტოს" სპეციალისტებმა კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს და ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს იმ დრომდე, სანამ არსებული პრობლემები არ მოგვარდება.
"რეგიონულმა სამსახურმა გეგმურად შეამოწმა უფასო სასადილო. გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ინფრასტრუქტურა არ შეესაბამებოდა უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებს, არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი დასუფთავება/რეცხვა/დეზინფექცია შენობასა და სურსათთან შეხებაში მყოფი საგნების, რაც სურსათის დაბინძურების საფრთხეს წარმოადგენდა. სააგენტომ კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორი დააჯარიმა 1000 ლარით და შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერა საწარმოო პროცესი“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სასადილომ ჯარიმა უკვე გადაიხადა და მუშაობას ისევ იმ სივრცეში განაგრძობს, სადაც სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა. ამ ინფორმაციას ადასტურებს ამ სასადილოს ხელმძღვანელი ქეთევან ნადირაშვილიც. ის მიიჩნევს, რომ "არსებული დარღვევები არ არის ისეთი კატასტროფა, რომ ბენეფიციარების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას".
წნორის უფასო სასადილოსთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად რადიო თავისუფლება სიღნაღის მერიას დაუკავშირდა, თუმცა მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა მოუცლელობის მიზეზით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
"წნორის სასადილო დაკეტილია, თუმცა შევძელით ის, რომ ბენეფიციარები მაინც უწყვეტად იღებდნენ კუთვნილ საკვებს. საკითხის ძირეულ მოგვარებამდე მზადდება ხელშეკრულება კერძო კვების ობიექტთან, რომლის საფუძველზეც, დროებით, ვისარგებლებთ მათ ხელთ არსებული შენობით და საჭირო ინვენტარით. ახლა მიმდინარეობს ტენდერი, რაც გულისხმობს კეთილმოწყობილ მატერიალურ ბაზას, კერძოდ, სათანადოდ აღჭურვილ შენობას, სადაც ბენეფიციარებისთვის მომზადდება საკვები“, - წერია სიღნაღის მერიის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ წერილობით პასუხში.
სიღნაღისა და წნორის უფასო სასადილოებში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებზე რადიო თავისუფლებასთან თავად ბენეფიციართა ნაწილმა 2020 წელს ისაუბრა. იმ ხანად ლაპარაკი იყო საკვების სიმცირეზე და უხარისხობაზე. უფასო კვების პროგრამით მოსარგებლეების წუხილი რომ რეალური იყო, ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთ ანგარიშშიც აისახა.
დაწერეთ კომენტარი