საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, იეპე კოფოდს შეხვდა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"რუსეთის აგრესიამ ვერ შეაჩერა საქართველოს ევროპისაკენ სვლა და ახლადშექმნილი "შესაძლებლობის ფანჯარა" ევროკავშირის სწორი პასუხია ამ აგრესიაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდთან შეხვედრისას.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომლის ადგილიც ევროპულ ოჯახშია.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ქართველ კოლეგასაც შეხვდა. ის გამოეხმაურა ოკუპირებულ ცხინვალში რეფერენდუმის შესაძლო გამართვის საკითხსაც და თქვა:
"სტრასბურგის სასამართლომ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასება მისცა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას".
გუშინ, 30 მარტს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში ჩატარდება რეფერენდუმი.
10 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვა, თუმცა ე.წ სარეფერენდუმო საკითხის ბიულეტენები ჯერ არ იბეჭდება.
დაწერეთ კომენტარი