Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე უკრაინის ელჩის გაწვევას ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხყოფად აფასებს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილების შესახებ „პირველი არხის" ეთერში ილაპარაკა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ის ელჩის გაწვევას ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხყოფად აფასებს.

„ჩვენი მხარდაჭერა იყო ურყევი, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც იყო საუბარი პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, იქნებოდა ეს ევროსაბჭო, გაერო, ეუთო, ჰააგის სასამართლო თუ ნებისმიერი სხვა პლატფორმა, მაქსიმუმს ვაკეთებდით, რათა უკრაინისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვეწია. შესაბამისად, კიდევ უფრო ალოგიკურია ის ნაბიჯები, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დავინახეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ უკრაინის ხელისუფლება ომის მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ეს მდგომარეობა მაინც არ ამართლებს იმ ნაბიჯებს, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, არის შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის. როცა ამ ნაბიჯებს არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს, რა თქმა უნდა, სხვას ვერაფერს დავარქმევთ“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, შედგა თუ არა უკრაინის ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და სცადა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რამის გარკვევა ელჩის გაწვევის საკითხზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არის რთული მოცემულობა, რადგან ადამიანები, რომლებიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში არიან, უკრაინაში ხელისუფლებაში იმყოფებიან.

„არის ასეთი უნიკალური, ძალიან რთული და ცუდი მოცემულობა. იგივე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერია, უკრაინაში არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ასევე, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. თან, თავიანთი კრიმინალური წარსულით გამორჩეული ადამიანები. ისინი უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე არიან და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ვითარების რადიკალურად შეცვლა. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ მოვაკლებდით მცდელობას, თუმცა ასეთ ვითარებაში, მე ვერავითარ რესურსს ვერ ვხედავ, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. კომუნიკაციის მცდელობები იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, ნაბიჯები არ გადმოდგმულა“, – თქვა კობახიძემ.

31 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხელს აწერს საქართველოდან ელჩის გაწვევას. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

„არიან ისეთები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვაზე, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ იმაზე, რომ დარჩნენ თანამდებობებზე. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთის ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური", - განაცხადა ზელენსკიმ.

საქართველოს გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი გაიწვია მაროკოდან.

თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ განაცხადა რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მეექვსე დღეს (1 მარტს), მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

XS
SM
MD
LG