Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი ტყუილს უწოდებს იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, ევროსასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმის „სიიდან ამორიცხვის" შესახებ


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა 1 აპრილს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას.

„სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საქმის დამატებით შესწავლა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი ინტერესები არის სრულად დაცული“, - თქვა ძამაშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ თქვა, ევროპულ სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის და პენიტენციურ სისტემაში მისი მდგომარეობის შესახებ. „როდესაც გადაწყვეტილებას იღებდა ევროპული სასამართლო ის ხელმძღვანელობდა ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და მასალებით და მეორე მხრივ, თავად მომჩივნის მიერ გაგზავნილი ინფორმაციით და მასალებით“, - აღნიშნა მან.

რადიო თავისუფლება ელაპარაკა სააკაშვილის ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს განცხადებას ტყუილს უწოდებს.

სააკაშვილის ინტერესების დამცველის განმარტებით, საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიშილობის პერიოდში მისი სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ მოთხოვნას, დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. მასში მითითებული იყო, რომ მოგვიანებით სააკაშვილს უნდა წარედგინა საჩივარი. იმის გამო, რომ ის გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ადვოკატის თქმით, მათ თავად მიმართეს ევროსასამართლოს წერილით და აცნობეს, რომ საჩივარს აღარ გაგზავნიდნენ. საძაგლიშვილმა გვითხრა, რომ უახლოეს ხანში გამოაქვეყნებენ სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილს.

დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, „იაფფასიანი ტყუილია“ ამ საქმის დაკავშირება სტრასბურგის სასამართლოს მიერ უკვე დასაშვებად ცნობილ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან.

მედიისთვის 24 მარტს გახდა ცნობილი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო. ინფორმაცია იძებნება სტრასბურგის სასამართლოს ვებსაიტზეც და ის დაადასტურა საქართველოდან მოპასუხე მხარემ, იუსტიციის სამინისტრომ.

ამ საკითხს 24 მარტს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც:

„რაც შეეხება საქმეს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის მიმდინარე საქმე და ჩვენი მხრიდან რაიმე სახის მოლოდინებზე საუბარი ვერ იქნება სწორი. თუმცა, საქართველოს აქვს მყარი არგუმენტები, რითაც ასაბუთებს საკუთარ პოზიციებს".

უკრაინიდან საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და 50 დღე შიმშილობდა.

XS
SM
MD
LG