Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ დონბასში წასვლა გადაწყვიტა


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის რესპუბლიკებში გამგზავრებას აპირებს. ამის შესახებ მან თავად ჰუმანიტარული დახმარების შემკრებ პუნქტში ვიზიტისას განაცხადა. პუნქტი მისმა ცოლმა გახსნა. იქ აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას თვითაღიარებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებში გასაგზავნად.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა ოსურ მედიასთან საუბარში არ დააკონკრეტა როდის აპირებს ბიბილოვი ოკუპირებული დონბასის ე.წ რესპუბლიკების მონახულებას. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს რუსეთის დახმარებას უკრაინაში დაწყებული „სპეცოპერაციის“ ფარგლებში.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სპეციალური სამხედრო ოპერაცია ყველასთვის, ვინც თავს რუსად მიიჩნევს. რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა, ეს ასევე ჩვენი ოპერაციაა, ჩვენ ერთიანები ვართ", - განაცხადა მან ტელეკომპანია "როსია 24"-ის ეთერში. ბიბილოვმა დასძინა, რომ ბევრი მებრძოლი ჯერ კიდევ 2014 წელს წავიდა დონბასში ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად.

„ჩვენ გვესმის, რომ თუ იქ არ გავიმარჯვებთ, თუ არ მივაღწევთ გამარჯვებას ამ ნაციზმის ბუნაგში, ხვალ ეს ნაცისტები, საქართველოს რესპუბლიკის ნაცისტებთან ერთად, უკვე სამხრეთ ოსეთში იქნებიან. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, დავამარცხოთ ეს ნაციზმი, ნეონაციზმი, ფაშიზმი“, - განაცხადა ბიბილოვმა. მანამდე, ოთხშაბათს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში რუსეთთან შესაერთებლად რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

როგორც მოგვიანებით დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა განაცხადა, რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი უახლოეს მომავალში გაიმართება. ბიბილოვის პრესმდივნის დინა გასიევას განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში შეერთების საკითხზე ყველა სამართლებრივი პროცედურა დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 10 აპრილს არის დანიშნული.

ბიბილოვი ორი დღეა არაფერს ამბობს ოკუპირებულ ცხინვალში დაბრუნებული თუ გამოქცეული ოსი მებრძოლების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო მე-4 ბაზის ჯარისკაცები არიან. ისინი 16 მარტიდან ორ ეტაპად წაიყვანეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. 30 მარტს ისინი სახლში დაბრუნდნენ. გარცელებული ინფორმაციით, მათ არც ტექნიკა ჰქონდათ, არც აღჭურვილობა და საზარბაზნე ხორცად პირდაპირ ბრძოლის ველზე შეუშვეს. ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინიდან დაახლოებით 300 მებრძოლი დაბრუნდა. 800-მდე მოხალისე ისევ იქ რჩება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და რამდენიმე დღეში დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები უკვე ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ჩანაფიქრმა და საომარმა სტრატეგიამ მარცხი განიცადა.

XS
SM
MD
LG