Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ორი პირი დააკავა „საქართველოს ბანკზე” ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე


თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ჟ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, „ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები 1 აპრილს, საღამოს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიჭრნენ. ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ბრალდებულებმა ბანკის ტერიტორიის დატოვება მოახერხეს, ჩასხდნენ იქვე მდგომ ავტომობილში და იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი, რომ ისინი კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა".

როგორც შსს აცხახდებს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე საათში დაადგინეს თავდამსხმელების ვინაობა და ადგილმდებარეობა.

განცხადების თანახმად, „ბრალდებულების დაკავების ადგილას, საცხოვრებელი ბინის ფარდულის ჩხრეკისას ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი".

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო წლებში „საქართველოს ბანკში" შეჭრის სხვა შემთხვევებიც იყო.

ამ დრომდე არ არის დაკავებული ბადრი ესებუა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში" შეიჭრა და ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. მასზე ძებნა არის გამოცხადებული.

თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა, თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის" ფილიალში 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის იმდროინდელ დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა „საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში გასული წლის სექტემბერს. ამ საქმეზე ბრალდებული შალვა მელიქიშვილი შსს-მ დააკავა.

XS
SM
MD
LG