Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოიყენებს კი რუსეთი ბირთვულ იარაღს? სავარაუდოდ, არა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 თებერვალს თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე განკარგულება გასცა, ბირთვული ძალები გადაიყვანონ "სამხედრო მორიგეობის საგანგებო რეჟიმში".
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 თებერვალს თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე განკარგულება გასცა, ბირთვული ძალები გადაიყვანონ "სამხედრო მორიგეობის საგანგებო რეჟიმში".

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე დიდი სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოს მორიგი სიახლე აუწყა. შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, მან განკარგულება გასცა, რუსეთის ბირთვული ძალები „საგანგებო საბრძოლო მზადყოფნაში“ მოეყვანათ.

და იმათთვის, ვინც იქნებ ყურადღება არ მიაქცია ამ ინფორმაციას, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა დმიტრი კისელიოვმა რამდენიმე საათის შემდეგ ეთერში გამოაცხადა: „ახლა რუსეთის მთელი ბირთვული ტრიადა საგანგებო მდგომარეობაშია გადაყვანილი. პუტინმა გააფრთხილა მსოფლიო. ნურავინ შეეცდება რუსეთის დაშინებას“.

დასავლეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაფრთხილება მოისმინეს, პირად საუბრებში კი გამოთქვეს მოსაზრება, რომ მათ სიტყვები ნაკლებ აშინებთ, ვიდრე საქციელი. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ოთხი კვირის შემდეგ აშშ-მა განაცხადა, რომ არ ჩანს იმის არავითარი ნიშანი, რომ რაიმე შეცვლილიყოს რუსეთის ბირთვულ შეიარაღებაში და რომ ეს ეხება როგორც სილოსებში, ისე წყალქვეშა ნავებზე, მოძრავ მანქანებსა და თვითმფრინავებზე განლაგებულ ბირთვულ არსენალს.

მაგრამ ბრექიაობაა თუ ნამდვილი საფრთხე, პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის ჟღარუნი ევროპაში მიმდინარე ცხელი ომის დროს კიდევ ერთხელ მოაქცევს ფოკუსში რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს და მის გეგმებს, განახორციელოს „წარმოუდგენელი“ რამ - გამოიყენოს ბირთვული იარაღი. მსოფლიო ასევე სულ უფრო ინტენსიურად ფიქრობს იმაზე, რა როლს შეიძლება თამაშობდეს ამაში სხვა ქვეყნების, პირველ რიგში შეერთებული შტატების ბირთვული პოლიტიკა.

„ცოტა ომი დაწყებულა, თუ საერთოდ დაწყებულა, ბირთვულ თემაზე ისეთი განცხადებებით, როგორითაც - უკრაინაში რუსეთის შეჭრა“, წერს ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ოლგა ოლიკერი, International Crisis Group-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი.

„მე ვფიქრობ, საქმის არსი ისაა, რომ რუსეთის დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იძლევა სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში“, თქვა მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში. „რეჟიმის ცვლილება სავარაუდოდ ეგზისტენციალური საფრთხეა სახელმწიფოსთვის. თუმცა არ არის სავსებით ნათელი, რამდენად სასარგებლოა ამ საქმეში ბირთვული იარაღი. მაგრამ საქმე გვაქვს რეალურ საფრთხესთან“.

ეგზისტენციალური საფრთხე

2020 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგებმა გამოაქვეყნეს ახალი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მოსკოვის კონცეფცია იმის თაობაზე, თუ როდის არის გამართლებული მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება.

მასში ლაპარაკია იმაზე, რომ ბირთვული იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც საპასუხო საშუალება სხვების მიერ ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ასევე მაშინ, „თუკი საფრთხე ექმნება თავად სახელმწიფოს არსებობას“.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 22 მარტს CNN-თან საუბარში კვლავ ახსენა ეს ამოსავალი პრინციპები. მაგრამ ამავე დროს მან არ ისურვა იმის გამორიცხვა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინა ამ იარაღის გამოყენების უფლებას იძლევა „ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხის“ არსებობის შემთხვევაში.

ერთი მხრივ, ერთობ მცირეა ასეთი საფრთხის არსებობა მოსკოვისთვის. ბოლოს და ბოლოს რუსეთი უკრაინაში იერიშს აწარმოებს, არც კიევი და არც ნატო არ იმუქრებიან რუსეთზე თავდასხმით, მით უმეტეს, ასეთი გამანადგურებელი სახით.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, პრობლემა გაჩნდება მაშინ, თუკი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა რუსეთის სახელმწიფოს არსებობას პუტინის მმართველობასთან გააიგივებს.

ეს კი სულაც არ არის გამორიცხული პუტინის რუსეთში, სადაც პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ პუტინის გარეშე რუსეთი წარმოუდგენელია, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები კი დასავლეთს მათი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ.

23 მარტს პუტინის დიდი ხნის მოკავშირემ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, თქვა, რომ დაძაბულობის ესკალაცია შესაძლოა ბირთვულ კატასტროფაში გადაიზარდოს და ილაპარაკა დასავლეთის გრძელვადიან შეთქმულებაზე, რომლის მიზანია რუსეთის განადგურება.

„აქ მარტივი ლოგიკაა: თუკი მთავრობის შეცვლა გარედან ხდება ძალით, მაშინ სახელმწიფო აღარ არის სუვერენული“, ამბობს ვენაში მდებარე განიარაღებისა და იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრის თანამშრომელი ნიკოლაი სოკოვი, რომელიც წარსულში რუსეთის, მანამდე კი საბჭოთა კავშირის დიპლომატი იყო და შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე სახიფათო პერიოდი დადგება მას მერე, რაც ბრძოლა დასრულდება და დასავლეთს გადასაწყვეტი ექნება, რა უყოს რუსეთს. თუკი ძალზე შორს წავა, - ერაყის სცენარით, - მაშინ არ გამოვრიცხავ ბირთვული იარაღის გამოყენებას“, მიაჩნია სოკოვს.

ბირთვული დოქტრინა

2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა ვაშინგტონის დოქტრინის შესახებ დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია აშშ-ისა და რუსეთის ხედვები ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე.

„რუსეთის სტრატეგია და დოქტრინა აქცენტს აკეთებს ბირთვული იარაღის პოტენციურ ძალისმიერ და სამხედრო გამოყენებაზე“, ნათქვამია დოკუმენტში. მოსკოვი „ცდება, როცა მიიჩნევს, რომ ბირთვული ესკალაციით დამუქრება ან ის, რომ პირველმა რეალურად გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ხელს შეუწყობს კონფლიქტის დეესკალაციას რუსეთისთვის სასარგებლო პირობებით. ეს მცდარი წარმოდგენები ზრდის სახიფათო შეცდომებისა და ესკალაციის ალბათობას“.

რაც შეეხება უკრაინას, როგორც რუსეთის ერთ-ერთმა მაღალი რანგის ექსპერტმა თქვა, კონფლიქტი „მკაცრად ლოკალური“ რჩება. იარაღისა და სადაზვერვო მასალების მიწოდების გარდა ნატო და აშშ კონფლიქტში არ ერევიან.

„ისინი საჭირო ზომებს იღებენ, რათა საქმე ასე გაგრძელდეს და რუსეთი აღიარებს ამას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაუფარავ სიგნალებს აგზავნის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით“, უთხრა რადიო თავისუფლებას რუსმა ექსპერტმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა მთავრობის მხრიდან მზარდი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად.

მეტიც, რუსეთს თავისი კონვენციური არსენალიც კი სრულად არ გამოუყენებია. „მარიუპოლის ან ვოლნოვახის ვიდეოები უკიდურესად დამთრგუნველია, მაგრამ ისინი მიგვანიშნებს, თუ რა არის შესაძლებელი ბევრად ფართო მასშტაბით“, თქვა ანონიმმა ექსპერტმა და დასძინა: „ამგვარად, ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის პირობები არ არსებობს“.

ახალი START-“, „ძველი START-

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე შეიარაღების კონტროლი იყო ერთ-ერთი უკანასკნელი სფერო, რომელშიც შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ იყო დარჩენილი დიალოგის შესაძლებლობა. უკანასკნელ წლებში ურთიერთობების სერიოზული გაუარესების მიუხედავად მოსკოვი და ვაშინგტონი ძველებურად ხელშეუხებლად იცავდნენ თავიანთი ბირთვული არსენალების ლიმიტს.

ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება. მაგრამ ის არ გასულა ე.წ. ახალი START-იდან, ერთადერთი დარჩენილი ხელშეკრულებიდან, რომელიც ზღუდავს აშშ-ისა და რუსეთის ბირთვულ შეიარაღებას.

ტრამპის მემკვიდრემ, ჯო ბაიდენმა, თავისი მთავრობის უპირველეს პრიორიტეტად გამოაცხადა ამ ხელშეკრულების კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივება. ცივი ომის ყოფილმა მოწინააღმდეგეებმა ასეც გააკეთეს, როგორც კი ბაიდენმა თანამდებობა დაიკავა 2021 წელს.

მრავალი დასავლელი ექსპერტისთვის კრემლის სურვილი, დათანხმებულიყო „ახალი START“-ის გახანგრძლივებას, იმის ნიშანია, რომ მოსკოვი რაციონალურად და პრაგმატულად მოქმედებს, როცა საქმე მის ბირთვულ არსენალს ეხება.

მაგრამ ეს ხელშეკრულება არ მოიცავს ტაქტიკურ, არასტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებას - ნაკლები სიმძლავრის იარაღს, რომელიც გამიზნულია არა შორ მანძილზე მდებარე ქალაქების გასანადგურებლად, არამედ მხოლოდ ლოკალურ ბრძოლის ველზე გამოყენებისთვის. აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს 1500-ზე მეტი ასეთი ბომბი მოეპოვება.

კონგრესის კვლევითი სამსახურის (CRS) თანახმად, შეერთებული შტატების შეიარაღებაში ბევრად ნაკლები ასეთი ბომბია - დაახლოებით 230. 100 მათგანი განლაგებულია ევროპაში, ძირითადად თვითმფრინავებიდან ჩამოსაყრელი ბომბების სახით.

როგორც CRS-ი წერს თავის ანგარიშში, რუსეთის განცხადებები და მის მიერ ჩატარებული სამხედრო სწავლებები ბევრისთვის იმას მეტყველებს, რომ მოსკოვმა შესაძლოა თავისი არასტრატეგიული ბირთვული შეიარაღების გამოყენებით მუქარას მიმართოს მეზობლების იძულების ან დაშინების მიზნით.

როგორც დასავლეთის ხელისუფლებათა წარმომადგენლები აცხადებენ, ამჟამად არ არსებობს შიში იმის თაობაზე, რომ რაიმე სახის არასტაბილურობა ან დაბნეულობა შეინიშნებოდეს, კრემლის ელიტაში ან სტრატეგიული სამხედრო ხელმძღვანელობის სტრუქტურაში, რომელიც აკონტროლებს რუსეთის ბირთვულ შეიარაღებას. მათი თქმით, მეთაურობისა და კონტროლის პროცედურის მართვის ჯაჭვი არის მყარი, კომპეტენტური და პროფესიონალური.

ამავე დროს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფალთ უკანასკნელ დღეებში გამოთქვეს ვარაუდები, რომ პუტინს არასწორ ინფორმაციას აწვდიან მისი უახლოესი მრჩევლები - როგორც უკრაინაში შეჭრამდე, ისე მიმდინარე ოპერაციების შესახებ.

თუ ეს ასეა, მაშინ კიდევ უფრო ნაკლებსავარაუდოა, რომ ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული, თქვა კიმბერლი მარტენმა, რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტმა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან.

ეს „ნიშნავს, რომ არსებობს სავარაუდოდ რაციონალური ოფიცრების ფენა, რომლებსაც თავად არ სურთ ბირთვული ომი და ფილტრის ფუნქციას ასრულებენ პუტინის შესაძლო ემოციურ რეაქციებსა და ბრძოლის ველს შორის“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

„თუმცა ძალიან შორსაც არ წავიდოდი და არ ვიტყოდი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება არ მოხდება“, დასძინა მან და დააზუსტა, რომ არსებობს არასწორი გათვლისა და შეცდომების ალბათობა, მაგალითად, ნატოსა და რუსეთს შორის უნებლიე კონფრონტაციისა და ესკალაციის ზონებში.

გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, საკითხავია, ხომ არ გამოიწვევს კრემლი უკრაინაში შეზღუდული სიმძლავრის ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენებით სწორედ იმას, რის თავიდან აცილებასაც ცდილობს: კონფლიქტში ნატოს ჩართვას, თუკი, მაგალითად, რადიოაქტიური ნალექები უკრაინიდან ნატოს წევრ ქვეყნებში გადავა.

„მე ვფიქრობ, რუსეთი ბირთვულ იარაღს იმისთვის გამოიყენებს, რომ ომი არ იქცეს მისთვის ეგზისტენციალურად, ნატოსთან ნებისმიერი ომი კი ეგზისტენციალურია“, თქვა ოლიკერმა. „ამიტომ არსებობს რეალური რისკი, თუკი ნატოს წევრი ქვეყნები პირდაპირ ჩაერევიან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG