Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იარაღით ემუქრება რუსეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებს?


უკრაინაში რუსეთის არმიის აშკარა წარუმატებლობისა და წაგებიანი საბრძოლო პოზიციების ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა შიშობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი. ყველაფერში მასობრივი განადგურების იარაღსაც გულისხმობენ. 

უკრაინაში ომის დაწყებიდან 27-ე დღეს რუსეთის არმიას აქვს დიდი დანაკარგები და, როგორც სამხედრო ექსპერტები აფასებენ, მცირე შანსი, რომ გადამწყვეტი ბრძოლა აწარმოოს. რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში რუსეთმა პირველად გამოიყენა ჰიპერბგერითი იარაღი, რომლის შესაძლებლობებზე მოსკოვი უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს. ომის დასაწყისში პუტინი დასავლეთს ბირთვული იარაღითაც დაემუქრა.

  • რა იარაღი აქვს (დარჩა) რუსეთს საბრძოლო არსენალში, რომლის გამოყენებაც შეუძლია?
  • რამდენად რეალურია ქიმიური და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე?
  • შესაძლებელია თუ არა რუსეთის შეჩერება და როგორ იმოქმედებს დასავლეთი?

"კინჟალი" - პუტინის ანიმაციებიდან

უკვე წლებია, რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ისა და ნატოს დაშინებით ერთობა. დასავლეთს აშინებს ისეთი იარაღით, რომელიც, თითქოს, სხვა არცერთ ქვეყანას არა აქვს და ვერც ვერავინ მოიგერიებს. ამ მხრივ დაუვიწყარი იყო 2018 წლის მარტი, როცა პრეზიდენტმა პუტინმა ფედერაციის საბჭოს წინაშე გამოსვლისას, რუსეთის უძლეველობის დემონსტრირება ბევრისთვის ღიმილის მომგვრელი ანიმაციით სცადა. დარბაზში მსხდომნი აღფრთოვანებით უკრავდნენ ტაშს ანიმაციურ რაკეტას, რომელსაც მთელი დედამიწის შემოვლა შეუძლია.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო მიღწევებს შორის ამ პრეზენტაციაზე დასახელდა ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალიც“ (ხანჯალი), რომელიც რუსეთმა ახლა უკრაინასთან ომში გამოიყენა. პუტინი განმარტავდა, რომ ამ საავიაციო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტების სისწრაფე 10-ჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს, მანევრირებს მთელ ტრაექტორიაზე, სამიზნეს სწვდება 2 კილომეტრზე და კომპლექსს შეუძლია როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული იარაღის გადატანაც.

„ჩვენ არავინ გვისმენდა. მოგვისმინეთ ახლა“, - ნიშნის მოგებით თქვა პუტინმა 2018 წლის 1 მარტს.

აშშ-მ დაადასტურა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის მიერ ჰიპერბგერითი იარაღის გამოყენების შესახებ და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის გამოსვლაში ისიც თქვა, რომ ასეთი რაკეტების მოგერიება თითქმის შეუძლებელია.

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ჰიპერბგერითი იარაღის გამოყენებას „მნიშვნელოვან ცვლილებად“ არ განიხილავს უკრაინაში მიმდინარე ომში.

ამ იარაღის გამოყენებას საჯაროდ დიდი ყურადღება არც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მიაქცია. უწყების მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თუკი რუსეთმა „კინჟალი“ მართლაც გამოიყენა, ეს არის „ბალისტიკური რაკეტების სისტემა, [შექმნილი] „ისკანდერის“ ბაზაზე, რასაც რუსეთი უკვე დიდი ხანია იყენებს უკრაინაზე თავდასასხმელად“.

„რუსეთის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ გამოიყენეს ექსპერიმენტული "კინჟალი”, დიდი ალბათობით, მიმართულია იმისკენ, რომ გადაიტანონ ყურადღება სახმელეთო ოპერაციებში პროგრესის არარსებობიდან“, - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

კრემლის პროპაგანდისტული მედია „კინჟალზე“ დიდ იმედებს ამყარებს, როცა უკრაინის „მიწასთან გასწორების“ შესაძლებლობებზე ლაპარაკობს.

თუმცა საგამოძიებო ჯგუფის, Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი, სადაზვერვო სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ რუსეთს „კინჟალის“ რაკეტების მარაგი ძალიან შეზღუდული აქვს - აქამდე გაცხადებულ „100 ერთეულზე ბევრად ნაკლები“ და, გარდა ამისა, შესაძლოა, მათი ნაწილი გამოუსადეგარიც იყოს. შესაბამისად, გროზევი ფიქრობს, რომ რუსეთი „კინჟალს“ მხოლოდ ძალის დემონსტრირებისთვის, „საჩვენებლად“ გამოიყენებს.

ქიმიურ და ბირთვულ საფრთხეზე

იმის გამო, რომ სამხედრო ექსპერტები, ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები თუ მედია თანდათან სულ უფრო მკაფიოდ ხედავენ უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის რეალურ სურათს, უფრო აშკარაა მოლოდინი იმისაც, რომ ჩიხში მოქცეული რუსეთი უფრო არაპროგნოზირებადი გახდება.

ლაპარაკობენ „ტოტალური ომის“ ალბათობაზე, თუმცა, სამხედრო ექსპერტები დაბეჯითებით ამბობენ, რომ დაახლოებით 10 დღეში რუსეთს საჰაერო იერიშების რესურსიც ამოეწურება.

დასავლეთის ქვეყნები არ გამორიცხავენ, რომ ჩიხში მოქცეული რუსეთი უკრაინაში ქიმიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის „ყალბი დროშით“ (არა თავისი სახელით) გამოყენების საფრთხეზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ როგორც ბრიუსელში, ასევე ვაშინგტონში და განსაკუთრებით მას შემდეგ - რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ახალი ძალით დაიწყო ლაპარაკი ბიოლოგიური იარაღის უკრაინაში შექმნისა და ფრინველების საშუალებით რუსეთში გავრცელების ჩანაფიქრის შესახებ.

27 თებერვალს პუტინმა დასავლეთს ამცნო, რომ ის არც ბირთვული იარაღის გამოყენებას მოერიდება და რუსეთის არმიის შეკავების ძალები, ბირთვული იარაღის არსენალით, ე.წ. განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა.

2018 წელს გამართული იმ ცნობილი პრეზენტაციის დროს პუტინმა აუდიტორიას არაერთი ახალი იარაღი გააცნო და ძირითადად - ბირთვული შეტევითი პოტენციალით. მათ შორის იყო ჰიპერბგერითი რაკეტა „ავანგარდი“ («Авангард»). მოსკოვის ცნობით, ეს რაკეტა საათში 11 ათას კილომეტრს ფარავს, უხილავია ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო სისტემებისთვის და შეუძლია ბირთვული ქობინების გადატანაც.

«Авангард»-ის საცდელი ფრენა, როგორც იუწყებოდნენ, რუსეთმა 2018 წლის დეკემბერში გამართა და ექსპერტებმაც მაშინ ესკალაციის ახალ, მათ შორის - ბირთვულ საფრთხეებზე დაიწყეს ლაპარაკი.

  • ბირთვულ იარაღს მსოფლიოში ფლობს ცხრა ქვეყანა: შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთი კორეა.
  • აშშ-ისა და რუსეთის ხელშია მსოფლიოს ბირთვული პოტენციალის 90%-ზე მეტი.
  • სტოკჰოლმის მსოფლიო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) 2021 წლის ივნისის მონაცემებით, საბრძოლო მზადყოფნაშია დაახლოებით ორი ათასი ბირთვული ქობინი - ყველა აშშ-სა და რუსეთს ეკუთვნის.

პოლიტიკური ანალიტიკოსი ანდრეი პიანტკოვსკი ამბობს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას ვერ გაბედავს და მას აუცილებლად გამოუჩნდება „გამჩერებელი“, თუკი აშშ რუსეთს ხმამაღლა დაემუქრება ადეკვატური პასუხის გაცემით. ანალიტიკოსი ამბობს, რომ „პუტინს ატყუებენ კონსტრუქტორები“, რომ თითქოს რაღაც საოცარი იარაღი შეუქმნეს, სინამდვილეში კი, „ყველაფერს ისევ ძველი შესაძლებლობები აქვს“ და რუსეთი არავითარი ბირთვული უპირატესობით არ სარგებლობს.

აქვს თუ არა წვდომა უშუალოდ პრეზიდენტ პუტინს ბირთვული იარაღის „წითელ ღილაკზე“?

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ ალესინი განმარტავს, მხოლოდ პუტინს ამის გაკეთება არ შეუძლია და ბირთვული არსენალის ასამოქმედებლად საჭიროა, რომ სამ სხვადასხვა ღილაკს ხელი ერთდროულად დააჭირონ: მთავარსარდალმა (პრეზიდენტმა), თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.

ექსპერტი ასევე განმარტავს, რომ რუსეთის კანონმდებლობით, ამის გაკეთება მხოლოდ თავდაცვის მიზნით შეიძლება, რომელიმე ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის სროლის შემდეგ. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, არავინ არაფერს გამორიცხავს.

რომელი ქვეყანაა პუტინის პოტენციური სამიზნე?

„ჩვენმა ბევრმა წყარომ, რომელიც გვატყობინებდა პუტინის მზადყოფნაზე, დაეწყო ომი [უკრაინაში], ასევე შეგვატყობინა, რომ მას [პუტინს] აქვს სურვილი რეალურად გამოიყენოს ბირთვული იარაღი და არა აუცილებლად უკრაინის ტერიტორიაზე“, - ამბობს Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი უკრაინულ მედიასთან.

რადგან რუსეთის მედიისა და კრემლის სხვა პროპაგანდისტების მუქარის ადრესატები არიან ძირითადად - პოლონეთი და ბალტიის სამი ქვეყანა, გროზევი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ბირთვული მუქარა სწორედ ამ ქვეყნებს შეეხებოდეს.

„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ უკრაინაზე შევჩერდებით - 300-ჯერ დაფიქრდით. შეგახსენებთ, რომ უკრაინა - მხოლოდ გარდამავალი ეტაპია რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში“, - ჯერ კიდევ 14 მარტს იმუქრებოდა კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი, ყველაზე პირდაპირ გამხმოვანებელი ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი.

მასთან მისული სტუმრები, უკვე წლებია, მსჯელობენ რუსეთის შანსზე და ზოგჯერ საჭიროებაზეც, რომ ქვეყანამ თავისი ბირთვული შესაძლებლობები რეალურად აჩვენოს დასავლეთს.

იქნებ, მოვიდა დრო ბირთვული იარაღის გამოყენების? - პერიოდულად ეკითხება სოლოვიოვი თავის სტუმრებს.

ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთზე რუსეთის შეტევას სავსებით რეალურად მიიჩნევს ანდრეი პიანტკოვსკი. ის ფიქრობს, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, რუსეთი მიადგება სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც გვიან გაწევრიანდნენ ნატოში. ომის დაწყებამდე გახმოვანებული ულტიმატუმით, პუტინი ნატოსგან 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნებას ითხოვდა და ამას ხშირად იმეორებენ კრემლის პროპაგანდისტებიც.

თუმცა, როგორც პიანტკოვსკი ФЕЙГИН LIVE-ის ეთერში აცხადებს, დასავლეთს ეს ყველაფერი უკვე კარგად აქვს გააზრებული და დასავლეთის ლიდერები „პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალებას არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ“.

ექსპერტები თუ პოლიტიკოსები მიმდინარე კვირაში (24 მარტს) დიდი ინტერესით ელოდებიან ნატოსა და ევროკავშირის საგანგებო სამიტებს, რომლებზეც დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა სწორედ უკრაინის დახმარების შესახებ უნდა იმსჯელონ. ბრიუსელში ჩავა აშშ-ის პრეზიდენტიც.

უკვე 25 მარტს, ჯო ბაიდენი, თეთრი სახლის ცნობით, პოლონეთში აპირებს ჩასვლას. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ბაიდენს, პოლონეთის საზღვარზე ან თუნდაც ვარშავაში, პრეზიდენტი ზელენსკიც შეხვდეს.

რუსეთის ფედერაციის არმია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და პირველი სტრატეგიული მარცხი „ბლიცკრიგის“ ჩაშლით განიცადა. ომის 27-ე დღეს რუსეთის არმიას ჯერ ისევ არა აქვს აღებული უკრაინის არცერთი დიდი ქალაქი. ომის „ნელი ტემპი“ კრემლისტი ექსპერტებისა და ჟურნალისტების უკმაყოფილებას იწვევს.

სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინული არმიისა და ხალხის შესაძლებლობები და თავისუფლებისთვის ბრძოლის ძლიერი მოტივაცია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG