Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა ევროპის კავშირს განუცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობისკენ სწრაფვას თავისი გზით განახორციელებს


ჩინეთმა შესთავაზა ევროპის კავშირს გარანტიები იმის შესახებ, რომ ის უკრაინაში მშვიდობისკენ სწრაფვას თავისი საკუთარი პირობებით განახორციელებს. პეკინი თავს არიდებს რუსეთზე უფრო მკაცრ ზეწოლას, რომელიც უკრაინაში ომის გამო ხორციელდება მოსკოვზე.

პრემიერ-მინისტრმა, ლი კეციანმა, 1 აპრილს ევროპის კავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ პეკინი "თავისი გზით" მიიწევს მშვიდობისკენ, ხოლო პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ ევროპის კავშირი ჩინეთს "დამოუკიდებლად" მოექცევა, რითაც მინიშნება გააკეთა ევროპის მჭიდრო კავშირებზე შეერთებულ შტატებთან.

ევროპის კავშირმა პეკინს, ლისა და სისთან ვირტუალური სამიტის დროს, უთხრა, რომ მოსკოვს არ მისცეს საშუალება, გვერდი აუაროს დასავლეთის სანქციებს, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. "ჩვენ მოვუწოდეთ ჩინეთს, ხელი შეუწყოს უკრაინაში ომის დასრულებას. ჩინეთს არ შეუძლია დახუჭოს თვალი რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროპის კომისიის პრეზიდენტთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ბრიფინგზე.

მიშელმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ომი საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას და მსოფლიო ეკონომიკას. ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის მმართველებს განუცხადა, რომ ორივე მხარის ლიდერებმა "გაცვალეს აშკარად ძალიან საპირისპირო შეხედულებები" ბევრ თემაზე, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი გამოიყენებს თავის გავლენას, როგორც დიდი სახელმწიფო და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რათა დაარწმუნოს რუსეთი იმაში, რომ დაასრულოს ომი.

ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ომის წარმოებისთვის აღმოჩენილი ნებისმიერი მხარდაჭერა "ჩინეთის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა" ევროპაში. ჩინეთმა უარი თქვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე, აკრიტიკებს დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ დამსჯელ ეკონომიკურ სანქციებს და იმეორებს ომის შესახებ რუსულ დეზინფორმაციას.

XS
SM
MD
LG