Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მერი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს და მოსკოვის მიმართ ემბარგოს მოითხოვს


კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და მისი ძმა, კრივში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ვოლოდიმირ კლიჩკო კიევში, დანგრეულ საცხოვრებელი სახლთან. 14 მარტი, 2022 წელი.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და მისი ძმა, კრივში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ვოლოდიმირ კლიჩკო კიევში, დანგრეულ საცხოვრებელი სახლთან. 14 მარტი, 2022 წელი.

უკრაინის დედაქალაქ კიევის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, ქალაქ ბუჩაში დახოცილი ადამიანების ფოტოებმა აღშფოთების ახალი ტალღა გამოიწვია.

"ის, რაც ბუჩაში და კიევის სხვა გარეუბნებში მოხდა, მხოლოდ გენოციდად შეიძლება შეფასდეს", - უთხრა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, გერმანიის გაზეთის Bild-ის საკვირაო გამოცემას.

ამასთანავე, მან პასუხისმგებლობა პირადად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დააკისრა. "ეს სასტიკი სამხედრო დანაშაულებია, რომლებზეც პასუხისმგებელია პუტინი. იქ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან დახვრეტილი შეკრული ხელებით".


უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, მოკლე შეტყობინებების სერვისზე, Twitter-ზე გააზიარა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი იყვნენ დახვრეტილი მამაკაცები. ერთ-ერთს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. ავთენტურობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა. მეორე ფოტოზე ნაჩვენები იყო გარდაცვლილთა ცხედრები ქუჩაში. "21-ე საუკუნის ჯოჯოხეთი", დაურთო კომენტარი პოდოლიაკმა.

კლიჩკომ მოითხოვა: "მთელი მსოფლიოსა და განსაკუთრებით გერმანიისთვის მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება არსებობდეს: არცერთი ცენტი აღარ უნდა წავიდეს რუსეთში, ეს არის სისხლიანი ფული, რომელიც ხალხის დასახოცად გამოიყენება". ემბარგო რუსეთის გაზზე და ნავთობზე დაუყოვნებლივ უნდა იქნას შემოღებული, თქვა მან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოსკოვში ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG