Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ახალ სანქციებს ამზადებს: შესაძლოა რუსულ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალოს


ევროკავშირი რუსეთისადმი დამატებითი სანქციების დაწესებისთვის ემზადება, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ კიევის ოლქის დატოვების შემდეგ გავრცელებული ცნობების ფონზე.

გამოცემა Financial Times -ი წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და ორგანიზაციები კიევს სამხილების შეგროვებაში ეხმარებიან, რუსეთისადმი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალი საქმის ასაძრავად.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკვე განაცხადა მზაობის შესახებ, გაეწიოს მეტი დახმარება უკრაინას, ხოლო რუსეთს დაუწესდეს მეტი სანქცია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა მოსკოვისთვის მაქსიმალური ეკონომიკური სანქციების დაწესება მოითხოვა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კი მოითხოვა მკაცრი სანქციების მეხუთე პაკეტის რაც შეიძლება მალე შემოღება.

ევროკავშირის უკვე არსებული სანქციები ითვალისწინებს 7 რუსული ბანკის საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან გათიშვას; რუსეთისადმი ტექნოლოგიური, თავდაცვითი, ენერგეტიკული, სატელეკომუნიკაციო და საავიაციო სფეროებში ექსპორტის აკრძალვას; რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის სივრცეში ფრენის აკრძალვას; ასობით რუსი ოლიგარქისა და ჩინოვნიკისთვის მათი კუთვნილი აქტივების გაყინვას, მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.

ევროკავშირის ზოგი წევრი სახელმწიფოს ლიდერი დამატებით სანქციების სახით სთავაზობს ინდივიდუალურ ზომებს: მაგალითად, რუსული ხომალდებისთვის ევროკავშირის პორტებში შეცვლის აკრძალვას, ასევე ენერგომატარებლებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას, რასაც დიდი ხანია მოითხოვს უკრაინა.

როგორს ამ საკითხის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, „რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შეძენა ომის დანაშაულების დაფინანსებას ნიშნავს“.

ლიეტუვა ევროკავშირის პირველი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც რუსული გაზის იმპორტზე სრულად თქვა უარი.

მოელიან, რომ ევროკავშირი რუსეთისადმი დამატებითი სანქციების განხილვას უკვე დღეიდან, 4 აპრილიდან დაიწყებს. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ გერმანია მზადაა პარტნიორებთან ერთად რუსეთისადმი დამატებითი სანქციების თაობაზე საუბარი 4 აპრილიდან დაიწყოს.

უკანასკნელ დღეებში, უკრაინის კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში ნახეს დახოცილი მოქალაქეების გვამები, მათ შორის ზურგს უკან შეკრული ხელებით.

ეს მოხდა რუსეთის არმიის გასვლის შემდეგ, რომელიც ქალაქს რამდენიმე კვირის განმავლობაში აკონტროლებდა.

უკრაინა რუსეთს ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებს ბრალს. დასავლეთის ქვეყნები ახალი სანქციების შემოღებას გეგმავენ კრემლის წინააღმდეგ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".

XS
SM
MD
LG