Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანმა პუტინს მისალოცი წერილით უპასუხა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით


სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური კავშირის დამყარების 30-ე წლისთავს გულითადად ულოცავს და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა და გამოირჩევა სიმტკიცით თანამშრომლობის ყველა სფეროში.

სომხეთსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობები ღრმა, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის და ძმობის ტრადიციას ეფუძნება, ეს ძლიერი გამაერთიანებელი ფაქტორი წარმოადგენს საფუძველს, ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამრეწველო, სავაჭრო, რეგიონთაშორის, ჰუმანიტარულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში“, - წერს ფაშინიანი.

მისი განცხადებით, აქტიური პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელების წყალობით, აძლიერებენ კოორდინაციას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის“ ფარგლებში.

ფაშინიანი მადლობას უხდის პუტინს მისი უშუალო წვლილისთვის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის,„ასევე მთიან ყარაბაღში ცხოვრების ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის საქმეში.“

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს ძალისხმევა გამოიწვევს ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - აცხადებს ფაშინიანი.

დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი ნიკოლ ფაშინიანს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც მისწერა, კრემლის საიტზე გამოქვეყნებული წერილი ფაქტობრივად იმეორებს სომხეთის პრემიერის წერილის შინაარსსა და სულისკვეთებას.

თებერვლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. შეხვედრა რუსეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს ეძღვნება, რომელიც ქვეყნებს შორის 1992 წლის 3 აპრილს დამყარდა.

10 მარტს თავად ფაშინიანმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე, რომ აპრილის ბოლოს მოსკოვში პუტინთან შეხვედრას გეგმავს.

8 აპრილს კი მოსკოვში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის, ვიზიტი იგეგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG