უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში ყოფნისას მედიის შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ რაც მეტხანს გაწელავს რუსეთი მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, მით უარესი მისთვის.
„ჩვენი დელეგაციები თურქეთში შეხვდნენ. მომლაპარაკებელი ჯგუფების შეხვედრამდე, საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ, მათ შეხვედრაზე რაღაც ვერ აეწყო, რაც გასაგებიცაა. გეტყვით, რაც მეტად გაწელავს რუსეთის ფედერაცია შეხვედრის პროცესს, მით უარესი მათთვის და პრინციპში ამ ვითარებისთვის, ამ ომისთვის. რადგან ყოველდღიურად, როდესაც ჩვენი ჯარები შედიან და ამა თუ იმ ტერიტორიის დეოკუპაციას ახდენენ, ხედავთ, რაც ხდება. ძალიან ძნელია ლაპარაკი იმის ნახვის მერე, რაც მათ აქ ჩაიდინეს, ადამიანები იმყოფებიან კასრებში, სარდაფებში, გაგუდულები და ნატანჯი, ამიტომ, მათ თუ რამით ფიქრი შეუძლიათ, იფიქრონ სწრაფად“, - თქვა ზელენსკიმ.
3 აპრილს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის ოლქის ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, 410 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გადაასვენეს ექსპერტიზაზე, რათა აღირიცხოს და დასაბუთდეს ომის დანაშაულები.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო არ აღიარებს ბრალდებებს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ბუჩაში მომხდარი მოვლენების დამოუკიდებელ გამოძიებას ემხრობა.
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. 1 აპრილს მხარეებს შორის შეხვედრა ისევ ონლაინფორმატში შედგა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.