Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომელს გააძევებს


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნიდან გააძევოს ბერლინში მდებარე რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა „მნიშვნელოვანი რაოდენობა“.

ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებაში, რომლის ტექსტიც „უკრიანსკა პრავდას“ მოჰყავს. განცხადებით ირკვევა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება „ბუჩაში რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ ენით აუწერელ სისასტიკეს“, რამაც ბერლინი იძულებული გახადა, რომ არაადამიანურობას წინ აღსდგომოდა "თავისუფლებისა და ადამიანურობის ძალით".

“ამიტომ დღეს ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა, არასასურველ პირებად გამოაცხადოს რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობდნენ ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი, გერმანიის საზოგადოების ერთიანობის წინააღმდეგ. თქვენი საქმიანობა საფრთხეს წარმოადგენს მათთვის, ვინც თავშესაფარს ეძებს. ჩვენ ამას აღარ მოვითმენთ. ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩვენ რუსეთის ელჩს დღეს შევატყობინეთ“, - განაცხადა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დაუსახელებიათ გასაძევებლად შერჩეული დიპლომატების კონკრეტული რიცხვი. მაგრამ გამოცემა “შპიგელის“ ინფორმაციით, გერმანია რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომელს გააძევებს. ისინი ვალდებული იქნებიან, რომ ქვეყანა 5 დღის განმავლობაში დატოვონ.

ამ გადაწყვეტილებას რომ აცხადებდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბერლინი კიდევ უფრო გაამკაცრებს რუსეთის მიმართ სანქციებს და კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერას აღმოუჩენს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

მანამდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება ლიეტუვამ და ლატვიამაც მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG