Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: ბუჩაში რუსეთის მოქმედებების სიმძიმის ხილვამ შეუძლებელია არ შეგძრას


საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ქალაქ ბუჩაში გადაღებულ კადრებს ეხმაურება, რომლებშიც ჩანს მრავალი დახოცილი, მათ შორის ზურგს უკან ხელებშეკრული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები. კადრები ქალაქიდან რუსეთის სამხედრო ნაწილების გასვლის შემდეგ გავრცელდა.

ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქ. ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან. მიუხედავად ომის სასტიკი ,,კანონებისა", მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას. გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა. თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის. დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!“ - წერს საპატრიარქო.

გამოცემა ნიუ-იორკ ტაიმსმა გამოაქვეყნა სატელიტიდან გადაღებული კადრები, ფოტომასალა უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებას, თითქოს მშვიდობიანი მოსახლეობა ბუჩაში დახოცეს 30 მარტის შემდეგ, როდესაც დასახლებული პუნქტი რუსეთის ჯარმა დატოვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც 4 აპრილს თავად იმყოფებოდა ქალაქში, თქვა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და გენოციდი.

ბუჩაში ნანახის შემდეგ, მსოფლიო ლიდერები რუსეთისადმი დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობას ხედავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG