Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ცვლის ბუჩა უკრაინაში, ევროპაში, მსოფლიოში


რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ ქ. ბუჩის ქუჩებში მშვიდობიანი მოქალაქეების 300-ზე მეტი გვამი იპოვეს. 3 აპრილი, 2022 წელი. ქ. ბუჩა, უკრაინა
რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ ქ. ბუჩის ქუჩებში მშვიდობიანი მოქალაქეების 300-ზე მეტი გვამი იპოვეს. 3 აპრილი, 2022 წელი. ქ. ბუჩა, უკრაინა

უკრაინის ქალაქ ბუჩაში მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ფოტო-ვიდეოსამხილების გავრცელების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორები აძლიერებენ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად.

შემზარავი კადრები, რომელიც მსოფლიომ აპრილის დასაწყისში, კიევთან ახლოს, რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ ბუჩის დატოვების შემდეგ იხილა, ახალ ბიძგს აძლევს კიევის გარშემო მოკავშირეების მობილიზებას: ევროკავშირმა გამოაცხადა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი; სხვადასხვა ქვეყნიდან მასობრივად გააძევეს რუსი დიპლომატები; უკრაინისთვის მეტი სამხედრო შეიარაღების დაპირება გაისმა აშშ-ისა და ევროპის დედაქალაქებიდან; ნატომ გამოაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ მეტი და დროული მხარდაჭერა ესაჭიროება.

ასევე ალიანსის პოზიციაა, რომ დროულად გაძლიერდეს არაწევრი პარტნიორების, მათ შორის - საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობები. უსაფრთხოების საკითხები 6-7 აპრილს ბრიუსელში წყდება, სადაც ნატოს მინისტერიალი იმართება და მიწვეული არიან პარტნიორებიც, მათ შორის - საქართველო.

  • კონკრეტულად რა შეცვალა ბუჩის ტრაგიკულმა მოვლენებმა და რით გამოიხატება საერთაშორისო პარტნიორების გაძლიერებული ძალისხმევა?
  • რას ჰპირდებიან უკრაინასა და საქართველოს ნატოში?

მეტი შეიარაღება უკრაინას

კარნეგის ცენტრის ევროპის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, დენ ბაერის შეფასებით, „ბუჩის აღმოჩენა“ „ცვლის საერთაშორისო პოლიტიკას ომის გარშემო“.

ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ავტორს მაგალითად მოჰყავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება - როდესაც მან დაარღვია მიუმხრობლობისა და თავშეკავების პოლიტიკა და ბუჩის საშინელ კადრებს, სხვა დასავლელი ლიდერების მსგავსად, ომის დანაშაული უწოდა.

„ბევრ ქვეყანას და მათ ხალხებს ბუჩის ფაქტები უძლიერებს მორალურ მიზიდულობას უკრაინის დასახმარებლად თავდაცვით ომში და მისი ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ დაამარცხოს რუსეთი - დამატებითი სამხედრო დახმარების, სანქციებისა და [რუსეთისთვის] პასუხისმგებლობის დაკისრების საშუალებით“, - წერს დენ ბაერი და აღნიშნავს იმასაც, რომ თუკი ომის დაწყებამდე უკრაინას, სამხედრო შეიარაღებით მხოლოდ 3 ქვეყანა ეხმარებოდა, დღეისათვის მათი რიცხვი 35-მდეა გაზრდილი.

„სამხედრო დახმარების ზედმიწევნით ეფექტიან ინტერნაციონალიზაციას“ ანალიტიკოსი აშშ-ის ძალისხმევით ხსნის და წერს, რომ დახმარების სამომავლო გაფართოებაც, პირველ რიგში, აშშ-ზე იქნება გამოკიდებული და ვარაუდობს, რომ ვაშინგტონს „სულ უფრო გაუძნელდება უარის თქმა“ მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემაზე და მით უფრო, როცა უკვე განიხილება გადაწყვეტილება ტანკების გადაცემის შესახებ.

კიევში ეჭვი არ ეპარებათ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკი ხოცვა-ჟლეტის ნახვის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე სკეპტიკოსი ლიდერებიც კი ვეღარ დარჩებიან პასიურ პოზიციაზე, უკრაინის დახმარების კუთხით, რადგან ეს მათ ძვირად დაუჯდებათ, პირველ რიგში, საკუთარ ამომრჩევლებთან ურთიერთობაში.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი ვარაუდობს, დიდი ალბათობით, არ შეიცვლება ნატოელი მოკავშირეების უარი უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ უკრაინა აუცილებლად მიიღებს ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო იარაღს და მათ შორის - აუცილებელ მძიმე შეიარაღებასაც. სხვა საკითხია, რომ არესტოვიჩი პარტნიორების ტემპებითა და ბიუროკრატიით ისევ უკმაყოფილოა.

„მოკავშირეები აძლიერებენ თავიანთ დახმარებას უკრაინის მიერ თავდაცვის უფლების რეალიზაციისთვის, მათ შორის - ანტისატანკო იარაღის, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებითა და სხვა შეიარაღებით. ასევე ზრდიან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას“, - ვკითხულობთ ნატოს მინისტერიალის წინა დღით, ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნატო ძველ პოზიციაზე რჩება უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემისა და უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ჯარისკაცების შეყვანის პერსპექტივებთან დაკავშირებით. როგორც ალიანსი განმარტავს, ომის არეალის გაფართოება მეტ მსხვერპლს და მეტ სიკვდილს მოიტანს.

დაეხმარებიან საქართველოსაც

6-7 აპრილს ნატო მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს მასპინძლობს და სამიტზე მიწვეული არიან პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის - უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებიც. საქართველოს პირველად წარმოადგენს ახალი მინისტრი - ილია დარჩიაშვილი.

თუკი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინასწარი განცხადებებით ვიმსჯელებთ, უკრაინის გარდა, მინისტრები იმსჯელებენ საქართველოს დახმარებაზეც და ეს „შეიძლება მოიცავდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დახმარების გაზრდას, სიტუაციურ ინფორმირებას, კომუნიკაციების უსაფრთხოებას, მდგრადობასა და კიბერუსაფრთხოებას“. ლაპარაკია ასევე, საქართველოში ნატოს ოფისის თანამშრომლების რიცხვის ზრდაზე.

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის მაგალითმა ნატოს გაკვეთილი ასწავლა, რაც ასევე საქართველოს უკავშირდება.

„ჩვენ გვჭირდება დისკუსია ნატოში, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის მსგავს სიტუაციაში არიან. ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირისა და ნატოს წევრები, მაგრამ ისწრაფვიან გაწევრიანებისკენ... უკრაინის გაკვეთილმა გვასწავლა, რომ დახმარება საჭიროა ადრე და არა გვიან. ვფიქრობ, ეს ძლიერი მესიჯია, როცა საქმე შეეხება უკრაინის დახმარების საჭიროებას ახლა და ასევე, რეალურად უნდა გავაძლიეროთ უფრო ყურადღებით ძებნა დახმარების გზებისა, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცოგოვინისთვის და სხვათათვის“, - თქვა 5 აპრილს ბრიფინგზე, იენს სტოლტენბერგმა.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, 6 აპრილს, აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს გზებს, თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატოს არაწევრ მოკავშირეებს და მათ შორის - საქართველოს.

მოლაპარაკებები

საერთაშორისო ანალიტიკურ წრეებში გავრცელებულია აზრი, რომ, ბუჩის მოვლენების შემდეგ, კიდევ უფრო გართულდა მოლაპარაკებების პერსპექტივა რუსეთსა და უკრაინას შორის და შესაძლოა, შეთანხმების შესაძლებლობა საერთოდ აღარ არსებობს.

5 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაძლოა - აღარც შედგეს მისი შეხვედრა და მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, მოლაპარაკებების საკითხი და მისაღები პირობების განსაზღვრა თავად უკრაინის გადასაწყვეტია, მაგრამ იმისთვის, რომ მოლაპარაკებებზე კარგი შედეგი იქნეს მიღწეული, აუცილებელია წარმატება ბრძოლის ველზე.

„ის, რისი მიღწევაც მათ შეუძლიათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ის, რაც ხდება ბრძოლის ველზე, ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან... შესაბამისად, რაც უფრო გავაძლიერებთ მათ ბრძოლის ველზე, რაც უფრო მეტ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ, რაც უფრო მეტ სიმტკიცეს მივანიჭებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მით უფრო უკეთესი შედეგის მიღწევას შეძლებენ ისინი [უკრაინელები] მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - ამბობს იენს სტოლტენბერგი.

რუსეთთან „კონსტრუქციული დიალოგის“ წარმოება ამოღებულია თავად ნატოს გეგმებიდან.

როგორც სტოლტენბერგი აცხადებს, რუსეთის აგრესიული და სასტიკი ქმედებების შემდეგ, მასთან დიალოგის თემა აღარ იქნება ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც მოკავშირეებმა ივნისში ნატოს მადრიდის სამიტზე უნდა განიხილონ.

შექმნილ სიტუაციაში, დიალოგისკენ რუსეთს არც ევროკავშირი მოუწოდებს, არც აშშ და არც დიდი ბრიტანეთი. ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან რუსეთის მიმართ ძირითადად ისმის მოთხოვნები - ომის შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიის დატოვების აუცილებლობის შესახებ.

სანქციები - გაზი, ნავთობი

„ბაიდენის ადმინისტრაცია სწორად იქცევა [უკრაინის] შეიარაღებასა და [რუსეთის] წნეხთან დაკავშირებით“, - აცხადებს MSNBC-სთან ინტერვიუში აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი, მაიკლ მაკფოლი, მაგრამ იქვე დასძენს, რომ პროცესს ტემპი აკლია და ჯერაც გადაუწყვეტელია ნავთობისა და გაზის საკითხი.

„ყოველ კვირას უნდა იყოს რაღაც ახალი და უნდა იყოს სწრაფად. ვფიქრობ, რომ პროცესი ძალიან ნელია. ყოველ კვირას უნდა გავამწვავოთ სანქციები ... ფოკუსი უნდა იყოს ნავთობზე და გაზზე და კვირის ბოლოსთვის უნდა იყოს ამ ტიპის სანქციებზე, რადგან ამაზე გადის პირდაპირი ხაზი რუსეთის ეკონომიკისკენ, რომელიც ეხმარება ამ ომს“, - ამბობს მაკფოლი.

ექსპერტების შეფასებით, დასავლეთის ქვეყნებმა მრავალი ეფექტიანი სანქცია დააწესეს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ომის მკვებავ რუსეთის ეკონომიკას. თუმცა მთავარ და ყველაზე პრობლემურ საკითხად ჯერ ისევ რჩება რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის საკითხი. ამ ეტაპისთვის, ნავთობის შესყიდვაზე სრული უარი აქვს ნათქვამი აშშ-ს, ხოლო გაზის შესყიდვაზე - ლიეტუვას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 6 აპრილს თქვა, რომ „გარკვეულ მომენტში“ ევროკავშირს მოუწევს რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვა, რათა რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე აგოს პასუხი და შეწყვიტოს ომი. ასეთივე პოზიცია გამოხატა 6 აპრილს, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც.

მანამდე კი, რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების ახალი, მეხუთე პაკეტი მოიცავს, მაგალითად: რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის შეზღუდვას; ევროკავშირის პორტებში რუსული გემების შესვლის აკრძალვას, რაც ვაჭრობის შემზღუდველ ზომად განიხილება და 4 რუსული ბანკისთვის ტრანზაქციების სრულ აკრძალვას. ევროკავშირის და აშშ-ის სანქციები უშუალოდ შეეხება პუტინის ქალიშვილებსაც.

დიპლომატების გაძევება

რუსეთის არმიის ბუჩაში ყოფნის დროს ადამიანების სასტიკი ხოცვის გამოაშკარავების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა მასობრივად განაგრძეს რუსი დიპლომატების გაძევება.

აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, 5 აპრილს დანიამ 15 რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა. ამის თაობაზე სააგენტო Reuters-ი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდზე დაყრდნობით იტყობინება. მინისტრის თანახმად, ეს გადაწყვეტილება სწორედ ბუჩის მოვლენებს უკავშირდება.

4 აპრილს, გერმანიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის დიპლომატიური მისიის 40 თანამშრომელი, ხოლო ფრანგული მედიის ცნობით, ქვეყნის დატოვება 30-მდე რუს დიპლომატს მოუწევს. პარიზი მიიჩნევს, რომ რუსების ქმედება ეწინააღმდეგება საფრანგეთის უსაფრთხოების ინტერესებს.

6 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამ პროცესს შეუერთდა საბერძნეთიც და ქვეყნიდან 10-ზე მეტ რუს დიპლომატს აძევებს.

5 აპრილს დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამო პროცესებში ჩართულობისთვის ევროკავშირმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი.

ამ დრომდე დასავლეთის ქვეყნებიდან გაძევებულია 250-ზე მეტი რუსი დიპლომატი.

ბუჩა ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც, კიევის ცნობით, რუსეთის არმია სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიან მოქალაქეებს, ხელებშეკრული ადამიანები დახვრიტა და ზურგიდან, კეფაში ესროლა ქალებს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ იგივე მოხდა მაგალითად ბოროდიანკაში და სხვაგანაც, ალყაში მოქცეული მარიუპოლის ჩათვლით.

რუსეთი აცხადებს, რომ ბუჩის ფოტო- და ვიდეომასალები კიევის მიერ არის ინსცენირებული მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია ამ ტერიტორიიდან გავიდა; მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსების გასვლამდე გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე, ქუჩებში კარგად ჩანან დახოცილი იგივე ადამიანები.

ABC News-ის კორესპონდენტი, ჯეიმს ლონგმენი, ადგილობრივ მკვიდრზე, მიკოლაზე, დაყრდნობით ტვიტერზე წერს, რომ რუსეთის არმია ბუჩაში კლავდა 50 წელზე უმცროს ყველა მამაკაცს და თავად მიკოლა იმიტომ გადარჩა, რომ 53 წლის იყო. მისი თქმით, სულ 20 წუთი მისცეს მეგობრების დასამარხად.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG