Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში Euronews-ის სიხშირეებზე ამჟამად მაუწყებლობს მხოლოდ "Соловьев.Live"


რუსეთში სიხშირეებზე, რომლებზეც აქამდე მაუწყებლობდა არხი Euronews-ი, 7 აპრილიდან ამუშავდა "Соловьев.Live" - რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდაჭერისთვის ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანილი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის არხი.

ამ ახალი ტელეარხის სამაუწყებლო თემატიკას აღწერენ როგორც საინფორმაციო-პოლიტიკურს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურს, პუბლიცისტურს და სოციო-ეკონომიკურს.

ტელეარხ Euronews-ის საიტის ბლოკირება რუსეთში 21 მარტს განხორციელდა. "როსკომნადზორმა" გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე შეზღუდა არხზე წვდომა. უწყება ირწმუნებოდა, რომ Euronews-მა გამოაქვეყნა მცდარი ინფორმაცია უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. "საგანგებო საომარი ოპერაციის" შესახებ და ასევე სივრცე დაუთმო მოწოდებებს არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისკენ. შემდეგ დღეს, 22 მარტს, ტელეარხის სიგნალი იძულებით შეიცვალა Россия 24-ის მაუწყებლობით.

მანამდე Youtube-მა დაბლოკა ვლადიმირ სოლოვიოვის არხები, სერვისის გამოყენების პირობების დარღვევის გამო. თებერვლის ბოლოს ევროკავშირმა ჟურნალისტს სანქციები დაუწესა, 14 მარტს უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სოლოვიოვს ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭა საქმეში, რომელიც ეხებოდა საჯარო მოწოდებებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის შესახებ, რასაც ადამიანების სიკვდილი მოჰყვა. ის დაუსწრებლად დააპატიმრეს ლვოვის სასამართლოზე და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. იტალიის მედია იუწყება კომოს ტბაზე სოლოვიოვის ორი ვილის დაყადაღების შესახებ.

ომის დაწყების შემდეგ "როსკომნადზორმა" დაბლოკა 800-ზე მეტი საინფორმაციო რესურსი, რომლებიც, გენერალური პროკურატურის აზრით, ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG