ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის დე ფაქტო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ 7 აპრილს ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და მათ ამცნო იმ მედიასაშუალებების ინტერესის შესახებ, რომლებიც 10 აპრილს ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გააშუქებენ.
კოტაევას განცხადებით, ინტერესი 20-მდე მედიასაშუალებამ გამოთქვა. „სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ დიდი ინტერესია, ბევრს უნდა ჩამოსვლა, მაგრამ მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია ისე აყალიბებს დღის წესრიგს, რომ ახლა ყველა ვერ ჩამოვა“, - განაცხადა კოტაევამ. მისი თქმით, ინფორმაციის კომიტეტმა დღემდე აკრედიტაცია გასცა მედიის 20-მდე წარმომადგენლისთვის - ესენი არიან ისეთი დიდი საინფორმაციო სააგენტოების თანამშრომლები, როგორებიცაა TASS-ი, RIA Novosti. არჩევნებს ასევე გააშუქებენ ჩრდილოეთ ოსური მედია - სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანია „ალანია“ და „ირისტონი“, ასევე რუსული გამოცემები „იზვესტია“, „კრასნოდარსკიე იზვესტია“.
მარია კოტაევას მიერ ჩამოთვლილ მედიასაშუალებებში არ არიან რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო ფედერალური სატელევიზიო არხები. როგორც აღმოჩნდა, ოკუპირებულ რეგიონში ჩასატარებელი ე.წ არჩევნებით რუსეთში მხოლოდ საინფორმაციო სააგენტოები და ონლაინგამოცემები დაინტერესდნენ.
რუსეთის ფედერალური სახელმწიფო არხები ახლა უფრო მეტად უკრაინის მიმართ საინფორმაციო-პროპაგანდულ ომში არიან ჩართული და ოკუპირებული რეგიონის არჩევნების მიმართ ინტერესი ნაკლებია.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს არის დაგეგმილი. მასში ე.წ პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გარდა, კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. ბიბილოვის მთავარ კონკურენტად ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეს, ალან გაგლოევს განიხილავენ.
დაწერეთ კომენტარი