აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კეტანჯი ბრაუნ ჯექსონის კანდიდატურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. ჯექსონი ამერიკის ისტორიაში იქნება პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელიც ქვეყნის უზენაესი სასამართლო ინსტანციის წევრი გახდა. ის შეცვლის 83 წლის სტივენ ბრაიერს, რომელიც ზაფხულში გადადგება.
51 წლის ჯექსონს მიემხრო სენატის 53 წევრი, ყველა დემოკრატი და სამი რესპუბლიკელი. 47-მა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი აფროამერიკელ კანდიდატს. უზენაესი სასამართლოს წევრების დასამტკიცებლად უბრალო უმრავლესობაა საკმარისი.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვალყურს ადევნებდა სენატში კენჭისყრას თეთრი სახლიდან, სადაც საზეიმო შეხვედრა იმართებოდა. მას თვით მოსამართლე ქალიც ესწრებოდა.
„მოსამართლე ჯექსონის დამტკიცება ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, რათა ჩვენი უზენაესი სასამართლო ამერიკის მრავალფეროვნებას ირეკლავდეს“, - დაწერა ბაიდენმა ტვიტერით. ჯექსონის მიმართ კრიტიკულად გამოვიდნენ რესპუბლიკური პარტიის წევრები. ის ადრე დედაქალაქის, კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს წევრი იყო.
ჯექსონი მეექვსე ქალი იქნება აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში.
დაწერეთ კომენტარი