Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიტლერის შემდეგ, პუტინის წინააღმდეგ - უკრაინა ამერიკული ლენდ-ლიზის მოლოდინში


აშშ-ის და უკრაინის დროშები კაპიტოლიუმის შენობის ფონზე; ვაშინგტონის ოლქი, 5 მარტი, 2022 წელი
აშშ-ის და უკრაინის დროშები კაპიტოლიუმის შენობის ფონზე; ვაშინგტონის ოლქი, 5 მარტი, 2022 წელი

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნის, აშშ-ის საბრძოლო არსენალი უკრაინისთვის იხსნება და ქვეყანას უჩნდება შესაძლებლობა, რომ რუსი დამპყრობლების მოსაგერიებლად საჭირო შეიარაღება უპრობლემოდ, ნებისმიერი რაოდენობით მიიღოს.

ბოლოს მე-20 საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირის დასახმარებლად გამოყენებულ მექანიზმს ვაშინგტონი ახლა საბჭოთა კავშირის მემკვიდრის, რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედებს.

აშშ-მ, კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ რაც აშკარა გახდა, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა. ომის დაწყების შემდეგ კი, უკრაინას დიდი ძალისხმევა სჭირდება, პარტნიორებისგან მეტი და უფრო ფართო სპექტრის, მათ შორის - მძიმე შეიარაღების მისაღებად. ახალმა პროგრამამ ეს პროცესი უნდა გაადვილოს.

მოელიან, რომ სენატში ოთხშაბათს ერთხმად დამტკიცებულ დოკუმენტს წარმომადგენელთა პალატაც სააღდგომო არდადეგებამდე უყრის კენჭს.

დოკუმენტს, ძალაში შესვლისთვის, პრეზინეტმა ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი, ისევე, როგორც ეს 1941 წელს პრეზიდენტმა რუზველტმა გააკეთა.

გარდა სამხედრო დანიშნულებისა, ლენდ-ლიზის ამოქმედება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკურ მოვლენად და სიმბოლოდ განიხილება.

რა შეიძლება მიიღოს უკრაინამ?

სახელმწიფო პროგრამის, ლენდ-ლიზის (Lend-Lease - სესხი-იჯარა) ამოქმედებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტით აშშ შეძლებს ნებისმიერი (საერთაშორისო კანონმდებლობით დაშვებული) იარაღი და სხვა ტექნიკური თუ დამხმარე საშუალებები მიაწოდოს უკრაინას.

თუკი მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ ხელმოწერილი ამ ისტორიული პროგრამის პირობებით ვიმსჯელებთ, უკრაინამ შესაძლოა მიიღოს ყველაფერი - ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებით დაწყებული და ულტრათანამედროვე ანტისაჰაერო კომპლექსებითა და რაკეტებით დასრულებული. სამხედრო ექსპერტების განმარტებით, შეირჩევა იმ ტიპის შეიარაღება, რომელთა გამოსაყენებლადაც უკრაინელებს შესაბამისი ცოდნა აქვთ.

მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელი სამხედროები აშშ-ში სპეციალური სწავლებისთვისაც ჩაჰყავთ.

აშშ-ის პრეზიდენტი, ფრანკლინ რუზველტი ხელს აწერს კანონს ლენდ-ლიზის შესახებ. 1941 წელი.
აშშ-ის პრეზიდენტი, ფრანკლინ რუზველტი ხელს აწერს კანონს ლენდ-ლიზის შესახებ. 1941 წელი.

ლენდ-ლიზი ითვალისწინებს არა მხოლოდ სამხედრო დახმარებას. ჩამონათვალშია სურსათი, საყოფაცხოვრებო საგნები, სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები და ასევე - ავტომობილები, საწვავი და სტრატეგიული დანიშნულების ნედლეული. ამ პროგრამის ფარგლებში ამერიკა გასულ საუკუნეში პარტნიორებს აწვდიდა ასევე წარმოებისთვის საჭირო საშუალებებსაც - ალუმინს, ფერად ლითონებს, რადიოსადგურებს.

მაგალითად, მცირე ჩამონათვალი: 1941-45 წლებში, საბჭოთა კავშირმა ლენდ-ლიზით მიიღო - 4.5 მილიონი ტონა სასურსათო პროდუქცია, 15.5 მილიონი წყვილი სამხედრო ფეხსაცმელი, 8 ათასზე მეტი ტრაქტორი, 2.5 მილიონი ტელეფონი, 1.5 მილიონი პლედი და თითქმის 300 მილიონი ღილიც კი.

დახმარების მიზანი და პირობები

აშშ-ს მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს ამოქმედებული ლენდ-ლიზის კონცეფცია პარტნიორი ქვეყნისთვის აშშ-ს დახმარებას იმ შემთხვევებისთვის გულისხმობს, როცა ამ ქვეყნის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავად აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკა ამ პროგრამას პირველად სწორედ უკრაინის გამო ააქტიურებს.

კანონპროექტს სახელწოდებით - „კანონი ლენდ-ლიზის შესახებ უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად - 2022“ აშშ-ის სენატმა 6 აპრილს გვიან საღამოს დაამტკიცა. უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონპროექტის წარდგენისას რუსეთს „წმინდაწყლის ბოროტება“ უწოდა და თქვა, რომ რუსეთის არმია უკრაინაში გენოციდს აწყობს.

„Politico“ წერს, რომ ვაშინგტონმა გადაწყვიტა კვლავ მიმართოს „ექსტრაორდინარულ ტაქტიკას“, რომელიც მან „მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტის“ დროს გამოიყენა და ეს წარმოადგენს „კიდევ ერთ ნიშანს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის [უკრაინაში] შეჭრას თვლიან ეგზისტენციალურ საფრთხედ ლიბერალური წესრიგისთვის“.

დოკუმენტი აშშ-ს პრეზიდენტს ანიჭებს გაფართოებულ უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება კიევთან და შეიარაღება თუ სხვა სახის დახმარება მიაწოდოს სწრაფად, ბიუროკრატიისა და, შესაძლებელია, საბაჟო რეგულაციების გვერდის ავლითაც.

ფორმალურად ეს პროცესი მიმწოდებელ სახელმწიფოს (გრძელვადიანი, ძირითადად უპროცენტო სესხის სახით) გარკვეული საფასურის მიღების უფლებას აძლევს, მათ შორის - ომში განადგურებული ტექნიკისთვისაც, თუმცა კანონპროექტით დაშვებულია ასევე ყველანაირი ხარჯის განულება და ჩამოწერა, რაც, ექსპერტების მოლოდინით, სწორედ ასე იქნება უკრაინისთვის.

ასევე კანონპროექტით, მიმწოდებელ სახელმწიფოს უფლება აქვს, რომ გადარჩენილი ტექნიკა, ომის შემდეგ უკან წაიღოს, მაგრამ ეს პირობა არ არის სავალდებულო.

„ვხედავთ დასავლეთის მიერ შიშებისა და შეზღუდვების გადალახვის უმნიშვნელოვანეს პროცესს. სამწუხაროდ, ეს ნელა ხდება, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებს სჭირდებათ მეტი დრო გადაწყვეტილების სისწორეში დასარწმუნებლად, სჭირდებათ კონსენსუსი, საზოგადოებრივი მხარდაჭერა... მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ესეც წარმოუდგენელი იყო. პროცესს აჩქარებს რუსების მიერ ჩადენილი ახალ-ახალი სასტიკი დანაშაულები და უკრაინელების გმირობა. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ ნდობას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი,დიპლომატი გიორგი ბადრიძე.

ექსპერტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლენდ-ლიზის ამოქმედების სიმბოლური დატვირთვა.

„თავის დროზე ლენდ-ლიზი მნიშვნელოვანი მექანიზმი იყო ჰიტლერის გერმანიის დამარცხებაში საბჭოთა კავშირისთვის და ახლა რომ შეერთებულმა შტატებმა ეს აქტი ისევ გადმოიღო თაროდან და აცოცხლებს, ეს ნიშნავს მტკიცე პოლიტიკურ განაცხადს - რუსეთი აგრესორია და უკვე ფაშისტურ გერმანიას დაემსგავსა [უკრაინაში] თავისი ქმედებებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

რას მიაღწია ლენდ-ლიზმა

მაშინ, როცა რუსეთში ხშირად აკნინებენ 1940-იან წლებში, ჰიტლერის გერმანიასთან ომში, ლენდ-ლიზით მიღებული დახმარების მასშტაბსა და მნიშვნელობას, ბევრი ისტორიკოსი და სამხედრო სფეროს სპეციალისტი იზიარებს აზრს, რომ აშშ-ს ლენდ-ლიზი დიდწილად მიეხმარა მოკავშირეებს, რომ გამარჯვების სასწორი სწორედ მათკენ გადახრილიყო.

საბჭოთა კავშირის დახმარების ამერიკული რუკა. 1941-45 წლები.
საბჭოთა კავშირის დახმარების ამერიკული რუკა. 1941-45 წლები.

ისტორიკოსი და მკვლევარი, ბორის სოკოლოვი თავის სტატიაში იხსენებს 1963 წელს, როცა КГБ-ს ფარული მიყურადების ანკესზე საბჭოთა კავშირის მარშალის, გეორგი ჟუკოვის აღიარებაც წამოეგო.

„ჩვენ არ გვქონდა დენთი, არ გვქონდა ასაფეთქებელი, არ გაგვაჩნდა შაშხანების ტყვიების დასატენი საშუალება. ამერიკელები ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარნენ დენთითა და ასაფეთქებლით. და რამდენი ფურცლოვანი ფოლადი გამოგზავნეს! განა ჩვენ სწრაფად მოვახერხებდით ტანკების წარმოების აწყობას, ამერიკელებისგან დახმარების სახით ფოლადი რომ არ მიგვეღო? ახლა კი საქმეს ისე წარმოადგენენ, თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ საკუთარი გვქონდა და, თანაც, თავზესაყრელად“, - ჟუკოვის სიტყვებს სანდო სტატისტიკაც ადასტურებს.

ისტორიამ შემოინახა სტალინის განცხადებაც, რომ „ლენდ-ლიზით მიღებული [ამერიკული] მანქანების გარეშე ომს წავაგებდით“.

სტატისტიკის თანახმად, სსრკ-ს ამერიკამ მიაწოდა თითქმის 410 ათასი ავტომობილი.

ისტორიული წყაროების თანახმად:

  • 1940 წელს აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) აღწევდა 101,4 მილიარდ დოლარს, ხოლო ამერიკის მიერ მისი მოკავშირეებისათვის ლენდ-ლიზის ფარგლებში გაწეული სამხედრო-ტექნიკური დახმარება შეადგენდა 50,1 მილიარდ ამერიკულ დოლარს. აქედან საბჭოთა კავშირის დასახმარებლად გაღებული წილი შეადგენდა 11,36 მილიარდს, დიდი ბრიტანეთისათვის - 31,4 მილიარდ ამერიკულ დოლარს.
  • გარდა ამისა, ლენდ-ლიზის საკუთარი პროგრამა ჰქონდა კანადას, რომელმაც ბრიტანეთსა და სსრკ-ს 4,7 მილიარდი დოლარის ღირებულების მასალები მიაწოდა.
  • ლენდ-ლიზის პროგრამით სსრკ დახმარებას იღებდა ასევე ბრიტანეთისგან, მაგრამ ეს ძირითადად ლენდ-ლიზით აშშ-ისგან ბრიტანეთში გაგზავნილი დახმარების ნაწილი იყო.

მკვლევარები აცხადებენ, რომ ამერიკული ლენდ-ლიზის გარეშე საბჭოთა არმიას არ ექნებოდა თვითმფრინავებისა და ტანკების ნახევარი, ხოლო საბრძოლო მასალების - მესამედი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG