2022 წლის 9 აპრილის 8 საათის მონაცემებით, წინასწარი გამოძიების საფუძველზე და სხვა წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც დადასტურებას საჭიროებენ, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის დაწყებიდან დღემდე 176 ბავშვი დაიღუპა, 324 კი დაშავდა.
ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა.
ის წერს, რომ დაღუპული და დაჭრილი ბავშვების რეალური რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან უკრაინის ქალაქებში საოკუპაციო ჯარები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს განაგრძოვენ.
უკრაინის სახალხო დამცველი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილ განსაკუთრებულ სისასტიკეზე, მათ შორის, არასრულწლოვნებზე განხორციელებულ სექსუალური ძალადობის ფაქტებზეც წერს. დენისოვა ამბობს, რომ „რაშისტები“ ბავშვების თვალწინ ძალადობდნენ.
„რუსეთის ფედერაციის ტერორისტებისა და ჯალათების არმიის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს“, - წერს დენისოვა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებს ჩამოთვლის. მისი ინფორმაციით:
- 14 წლის გოგონა 5 მამაკაცმა ოკუპანტმა გააუპატიურა. ახლა ორსულადაა. ბუჩა.
- 11 წლის ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს - საყურებლად სკამზე იყო მიბმული. ბუჩა.
- 20 წლის ქალი, გააუპატიურა სამმა ოკუპანტმა ერთდროულად ყველა შესაძლო ადგილას. ირპენი.
უკრაინის ომბუდსმენი წერს, რომ გაუპატიურება კატეგორიულად აკრძალულია 1949 წლის ჟენევის კონვენციის 27-ე მუხლით, რომელიც ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვას გულისხმობს.
„მივმართავ გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევის საგამოძიებო კომისიას უკრაინაში რუსეთის შეჭრისას და ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიას, გაითვალისწინონ უკრაინაში რუსული ომის დანაშაულის ეს ფაქტები. რაშისტმა ოკუპანტებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი“, - წერს ლუდმილა დენისოვა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. მოკლულთაგან ბევრი ეზოებში, ქუჩებსა და საკუთარ სახლებში იყო დახვრეტილი. ბევრ მათგანს ზურგს უკან ჰქონდა ხელები შეკრული. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს და ბუჩის ტრაგედიას „დადგმულს“ უწოდებს.
დაწერეთ კომენტარი