Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ბრატისლავას მადლობას უხდის უკრაინისთვის S-300-ის გადაცემისთვის, ამბობს, რომ სლოვაკეთში მას აშშ-ის თავდაცვის სისტემა ჩაანაცვლებს


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს, საბჭოთა პერიოდის საჰაერო თავდაცვის სისტემის, S-300-ის უკრაინისთვის გადაცემის გამო და თქვა, რომ სლოვაკეთში მას ჩაანაცვლებს აშშ-ის წარმოების Patriot-ის სისტემა.

ბაიდენის თქმით, საჰაერო თავდაცვითი სისტემის გადაცემის საჭიროება მასთან ლაპარაკში წამოჭრა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 8 აპრილის განცხადებაში ბაიდენი ამბობს, რომ ტრანსფერის უზრუნველსაყოფად "აშშ გადაანაცვლებს აშშ-ის Patriot-ის სისტემას სლოვაკეთში".

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა მანამდე თქვა, რომ სლოვაკეთი უკრაინას დონაციის ფორმით გადასცემს საბჭოთა პერიოდის S-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას. ჰეგერი ამ განცხადებით გამოვიდა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ერთად კიევში ვიზიტის დროს, ზელენსკისთან შეხვედრის წინ.

ნატოელმა მოკავშირეებმა, გერმანიამ და ჰოლანდიამ გასულ თვეში სლოვაკეთს გაუგზავნეს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის სამი რიგი, რომლებიც, ბრატისლავის თქმით, დაემატებოდა, მაგრამ მთლიანად ვერ ჩაანაცვლებდა S-300-ს. ბრატისლავა აცხადებდა, რომ მზად იყო დაეთმო S-300-ის სისტემა იმ პირობით, თუკი მის სრულ შემცვლელს მიიღებდა.

Patriot-ის სისტემა და აშშ-ის სამხედროთა ჯგუფი სლოვაკეთში რამდენიმე დღეში ჩავლენ, - ამბობს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი, რომელიც მიესალმება სლოვაკეთის ხელისუფლების გულუხვობას და S-300-ის უკრაინისთვის გადაცემას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG