დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კიევში მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიზიტის ფარგლებში, რომლის თაობაზეც წინასწარ გამოცხადებული არ იყო.
მოლაპარაკების შემდეგ ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას თავდაცვის მიზნით მიაწვდის 120 დაჯავშნულ მანქანას და ახალ, ანტი-სახომალდო სარაკეტო სისტემებს - იუწყება BBC.
პარასკევს ჯონსონი აცხადებდა, რომ უკრაინას უგზავნის დამატებით სამხედრო დახმარებას, 100 მილიონი გირვანქა სტერლიგის ოდენობით, კრამატორსკში რკინიგზის სადგურისთვის გახსნილი ცეცხლის პასუხად. მიწოდებული იარაღი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო სისტემებს და ე.წ. "კამიკაძე-დრონებს".
ორი ქვეყნის ლიდერები კიევის ცენტრშიც გავიდნენ.
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, მარტის ბოლოს, რუსეთის სამხედროები უკრაინის დედაქალაქიდან 20-25 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ, ქალაქზე ხორციელდებოდა იერიშები. ამჟამად რუსეთის სამხედროებს კიევის ოლქი და უკრაინის მთელი ჩრდილოეთი დატოვებული აქვთ.
"პრეზიდენტ ზელენსკის მტკიცე მმართველობით და უკრაინელი ხალხის უძლეველი გმირობითა და სიმამაცით, პუტინის შემზარავი გეგმები იფუშება" - ჯონსონის ამ სიტყვებს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ავრცელებს.
დაწერეთ კომენტარი