Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოდოლიაკი ვარაუდობს, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შედგება დონბასში „დიდი ბრძოლის“ შემდეგ


მიხაილო პოდოლიაკი
მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ვარაუდობს, რომ უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრა შედგება უკრაინის აღმოსავლეთით გამართული „დიდი ბრძოლების“ შემდეგ. ამის შესახებ მან ინტერვიუში განაცხადა, რომელი 9 აპრილს გავიდა ეთერში სრულიად უკრაინის ტელემარათონის ფარგლებში.

„უკრაინა მზადაა დიდი ბრძოლებისთვის. უკრაინამ ამ ბრძოლებში უნდა გაიმარჯვოს, მათ შორის, დონბასში, რის შემდეგაც უკრაინა მიიღებს გაცილებით მნიშვნელოვან პოზიციას მოლაპარაკებებში, რაც გვიკარნახებს კონკრეტულ პირობებს. ამის შემდეგ შეხვდებიან პრეზიდენტები“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკი ბრძოლებს დონბასში უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ელის. რუსეთს სჭირდება თუნდაც სიტუაციური გამარჯვება და შეეცდება, რომ ეს გამარჯვება სწორედ დონბასში მოიპოვოს, ამბობს ის:

„რა თქმა უნდა, ის ამ გამარჯვებას ვერ მიიღებს, მაგრამ სურს, რომ მოგვაყენოს დაზიანებები. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებზე გადასვლას, საიდანაც ჩვენ გამოვალთ უკრაინის უსაფრთხოების კონკრეტული ფორმულით“.

რუსეთის არმიის შენაერთების გასვლას უკრაინის ჩრდილოეთიდან, კიევი და დასავლეთის ქვეყნები თვლიან არა რუსეთის უკან დახევად, არამედ გადაჯგუფებად. ისინი ვარაუდობენ, რომ რუსეთი გეგმავს მასშტაბურ შეტევას დონბასზე.

რუსეთი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება მხოლოდ მიღწეული მოლაპარაკებების ფიქსირებისთვის და არა ახალი სამშვიდობო შეთანხმების განსახილველად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი პირადი შეხვედრა „შეიძლება არც შედგეს“, თუმცა, ბუჩის ტრაგედიის შემდეგაც აუცილებელია მოსკოვთან დიალოგის გაგრძელება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ინტერვიუში, რომელიც 5 აპრილს გავიდა ეთერში სრულიად უკრაინის ტელემარათონის ფარგლებში. მანამდე ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს.

ზელენსკიმ პუტინს შეხვედრისკენ 2022 წლის თებერვალში, ომამდე რამდენიმე დღით ადრე მოუწოდა, როცა ზელენსკი რუსეთის თავდასხმის პრევენციის იმედით, დასავლელ ლიდერებთან შესახვედრად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავიდა. პუტინთან შეხვედრის თანხმობა მან მისცა თურქეთის პრეზიდენტ ერდოანსაც, უფრო ადრე, თებერვლის დასაწყისში, კიევში მისი სტუმრობის დროს.

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა 2019 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ შემდგარა. ეს იყო რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი და ამ დრომდე, უკანასკნელი შეხვედრა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

XS
SM
MD
LG