Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გამოუგზავნა


ბორის ჯონსონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
ბორის ჯონსონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალური წერილი გამოუგზავნა. ჯონსონი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს შესახებ წერს:

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენs ორ ქვეყანას შორის არსებობს".

8 აპრილით დათარიღებულ წერილში ჯონსონის მიუთითებს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად.

„აღსანიშნავია ის წინსვლა, რომლის თვითმხილველნიც საქართველოში გავხდით დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად, რაც მრავალ სფეროს მოიცავს და მათ შორისაა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მიმართულებები. მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ის ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება. ასევე ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების მიმართულებით", - ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ წერს: „კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმირ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან. მინდა ასევე დაგარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე.

მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას”.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG